„დრამატურგიის საავტორო ფესტივალი 2024“ – ფრანგ რეჟისორთან და დრამატურგთან, ნიკოლას კერცენბაუმთან შეხვედრა გაიმართა

„დრამატურგიის საავტორო ფესტივალი 2024“-ის ფარგლებში, მწერალთა სახლში სარეზიდენციო პროგრამით თბილისში მყოფ ფრანგ რეჟისორთან და დრამატურგთან, ნიკოლას კერცენბაუმთან შეხვედრა გაიმართა. მწერალთა სახლის ინფორმაციით, ავტორმა ისაუბრა თავის დრამატურგიულ და სარეჟისორო გამოცდილებაზე, საქართველოში გატარებული დღეების შთაბეჭდილებებზე, აფხაზეთიდან დევნილებისგან მოსმენილ ამბებსა და მის მიერ შეგროვებულ მასალებზე.
შეხვედრას წინ უძღოდა ნიკოლას კერცენბაუმის პიესის „უცნობი ლამაზმანი“ თეატრალური წაკითხვა, რომელიც ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი კაშიამ დადგა, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ მსახიობებთან (ილია ზარდიაშვილი, ნინო ჩადუნელი, ირაკლი სიქტურაშვილი და კესო ავალიშვილი) ერთად. პიესა ფრანგულიდან თარგმნა დრამატურგმა ვალერი ოთხოზორიამ.
დრამატურგიის საავტორო ფესტივალი ყოველწლიურია და 2021 წლიდან ტარდება. ფესტივალს ყოველ წელს ჰყავს წლის ავტორი − უცხოელი დრამატურგი, რომლის პიესები ითარგმნება ქართულ ენაზე და ფესტივალის ფარგლებში ტარდება ერთ-ერთი პიესის თეატრალური კითხვა.
2024 წლის ავტორი ფრანგი დრამატურგი და რეჟისორი ნიკოლას კერცენბაუმი იყო. მისი საქართველოში ჩამოსვლა უკავშირდება დრამატურგის სურვილს, დაწეროს პიესა აფხაზეთზე. მწერალთა სახლი ეხმარება ავტორს ამ მიზნის განხორციელებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები