„Unreal Reality ირეალური რეალობა” – თანამედროვე სიურეალისტი მხატვრების ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნება
22 ოქტომბერს, 20:00 საათზე, შალვა ძნელაძის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში თანამედროვე სიურეალისტი მხატვრების ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა – „Unreal Reality ირეალური რეალობა” გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობენ: ლევან ვეკუა, რამაზ რაზმაძე, გიგი მალანია, იკო ცაბაძე, კახა ესებუა, გიგა უგულავა.
„იმ შემოქმედებით სივრცეში, სადაც ეს მხატვრები მოძრაობენ, მხოლოდ ირეალური რეალობაა, მხოლოდ გაურკვეველი ფორმებით და ფანტაზიით შექმნილი სამყაროა, რთული და დასაფიქრებელი თემებით. დიდხანს უნდა იდგე მათი ნამუშევრების წინ, რომ სწორად წაიკითხო ტილოზე თუ ქაღალდზე დატანილი, ვიღაცისთვის უცნაური კომპოზიცია, რომელიც ზოგს ღიმილს მოჰგვრის, ზოგს კი ღრმად ჩააფიქრებს. მათ ნამუშევრებში იმდენად ძლიერი ენერგეტიკა ტრიალებს, რომ შეუძლებელია არ გახდე მონაწილე იმ ირეალური სამყაროს რეალობის, რასაც ისინი გვიზიარებენ.
მათი ტექნიკა გაბედულია და ამასთანავე რთული, ხოლო წერის მანერა ფაქიზი და ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული. ამ პროექტში მონაწილე მხატვრების უსაზღვრო სურვილია, რომ მათი ფორმების ცნობადობა იწვევდეს სიზმრისეულის, ბუნდოვნის, გაუცნობიერებლობის, უცნაურის, არალოგიკურის განცდას. შემდეგ ამ განცდებს ისინი მათივე კომპოზიციებში მხატვრულ სახეებად გარდაქმნიან და ღრმად იძირებიან იმ იდუმალ სამყაროში, რომელსაც მუდამ მძაფრი ფსიქოემოციური შეგრძნება ახლავს თან.
ანდრე ბრეტონმა თავის ცნობილ „სიურეალიზმის მანიფესტში“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეალობის შეცნობა გონების ძალით კი არა, მხოლოდ ინტუიციით არის შესაძლებელი და, რომ მთავარი ადამიანის ქვეცნობიერი და არა ცნობიერი სამყაროა.
პროექტში მონაწილე მხატვრები სრულად იზიარებენ სიურეალისტურ მიმდინარეობაზე შექმნილ ფსიქოლოგიურ თეორიებს არაცნობიერი ფსიქიკის თუ თავისუფალი ასოციაციების მნიშვნელობაზე. მათ ქაოსურად მოსდით თავში სხვადასხვა ცნებები და უცნაური, მხატვრისეული ფანტაზიებით გამსჭვალული რთული, თითქმის რეალობასთან მიახლოებული, მაგრამ არარეალური კომპოზიციები. სწორედ ასეთ წინააღმდეგობებში იბადება მათი სიურრეალისტური ნამუშევრები. მათი შემოქმედებითი ხაზი დღეს, ამ გამოფენაზე, სიურრეალისტური ჟანრია, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი თანამედროვე ხელოვანები არიან. გამოფენის სახელია „ირეალური რეალობა“ – Unreal Reality, რომელიც ნათლად ასახავს მის კონცეფციას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენის კურატორია ნანა ზაალიშვილი.
გამოფენა 22 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
მისამართი: სოფელი დიღომი, სვეტიცხოვლის ქ. N1.