„ბევრს არ სჯეროდა, რომ გადავარჩენდი“…
დადიანების სასახლის კუთვნილი მაგიდა რესტავრირებულია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია ავრცელებს.
„პირველ ორ ფოტოზე კარგად მოჩანს, როგორ მდგომარეობაში წამოვიღე ზუგდიდიდან… დიახ, დიახ, ეს მაგიდა დადიანების სასახლეების კუთვნილებაა და რამდენიმე ათეული წელი ე.წ. დესტრუქციულ ფონდში ინახებოდა, უფრო სწორად, ზეზეულად ნადგურდებოდა ნესტიან სივრცეში…. რომ წამოვიღე, ბევრს არ სჯეროდა, რომ გადავარჩენდი… დღეს როგორ გამოიყურება, თავად ხედავთ… მაგიდა უნიკალურია, ნაპოლეონ მესამის ეპოქაა, კუს ბაქანზეა ორნამენტები ინკრუსტირებული, ეკუთვნოდა ანდრია დადიანს (დღემდე შემორჩენილია ფოტო, სადაც ამ მაგიდასთან ანდრია დგას)…
განსაკუთრებული მადლობა ზუგდიდის მუზეუმის დირექტორს – დავით ოყუჯავას ჩემი იდეის მხარდაჭერისთვის, ირაკლი ზამბახიძეს და მის რესტავრატორთა გუნდს მადლობა შესრულებული ბრწყინვალე სამუშაოსათვის! გამორჩეული მადლიერება აშშ-ს საელჩოს საქართველოში და საქართველოს კულტურის სამინისტროს, რომელთაც ჩვენი პროექტი და ამ მაგიდის რესტავრაცია სრულად დააფინანსეს… უნიკალური არტეფაქტი მალე ზუგდიდში დაბრუნდება და მუდმივ ექსპოზიციაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს…
P.S ეს მეორე მაგიდაა, რომელიც სასახლეს ჩვენი პროექტის წყალობით ფერფლიდან ამდგარი უბრუნდება“, – წერს გიორგი კალანდია.