„ახალ სერიას „წყლის სიზმრები“ დავარქვი. წყალი ცოცხალია, მოძრაობს, თითქოს გესაუბრება. ამიტომაც არის ებრუ მაგიური“ – ზღვისპირელი მხატვარი, მანდარინობა და ველომოყვარულები

ცხოვრობს ბათუმში. 2006 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. პროფესიით ინტერიერის დიზაინერია. ერთხანს სწავლობდა გერმანიაშიც. ცხოვრობს და მოღვაწეობს ბათუმში. საავტორო სტუდია არტპოლიგლოტშიპირველად გაიხსნა ებრუს – წყალზე ხატვის შემსწავლელი კურსები. არის წიგნის კლუბის დამფუძნებელი,
აქტიურად  მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში, ასევე  – საერთაშორისო არტსიმპოზიუმებსა და პლენერებში.
საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირის წევრია.
თავისუფალი მხატვრის და ინტერიერის დიზაინერის, ნინო გოგოლის პერსონა.

–  ბებიისგან ისწავლეთ ქარგვის, ხელოვნების სიყვარული…  საინტერესო ბავშვობიდან?
– ბავშვობის მოგონებებიდან ყველაზე მკვეთრად მახსენდება მთა და ზღვა. ზაფხულობით ყოველთვის მაღალმთიან აჭარაში, გოდერძიზე, კურორტ ბეშუმში ვატარებდით დროს. სწორედ იქ დავიწყე ბუნების ასე ღრმად დაკვირვება! მწვანე ტბის – ფირუზისფერი სიღრმე და ალპური ზონის პეიზაჟები – ის, რაც მამშვიდებდა და თან შთამაგონებდა. ალბათ ამიტომაც, რომ ჩემი ნახატები ძალიან ექსპრესიულია. ცოტა მოგვიანებით კი აჭარას სიყვარულით  რამდენიმე სერია მივუძღვენი: „აჭედილი კარები“, „ნენე“ თუ „გეყურბანე“. და არა მარტო. კურორტზე ხშირად ჩამოდიოდნენ იალებიდან ტრადიციულ სამოსში შემოსილი ადამიანები, მთის ხალხი. მახსოვს ყველა მათგანს თავსაბური უბრწყინავდა, მახსოვს საოცრად ელავდა სირმები მზის შუქზე.
მათი მთის კილო და ღიმილი იყო ის, რაც მოგონებამ შემოინახა – აჭარული ფერადი სიმხათი და წვივზე წინდებზე ჩაგარგული ჩიტებითა და მამლებით. ბეშუმის ძველი, 1961 წლის ხის სახლი, დღემდეა ჩემთვის „ნავსაყუდელი“, სადაც აგვისტოში ყოველთვის  მანსარდის სახელოსნოში ვხატავ და ვიგონებ იმ მოგონებებს, იმ კოლორიტებით, რაც ახლა დაკარგულია. თუმცა ბეშუმი მაინც არასოდეს დაკარგავს თავის შარმს! მართალია ხის სახლებს  კოცონის ცეცხლისგან შეშინებული კამეჩები აღარ დაეჯახებიან, და არც „ბაღნებს“ აღარ შეაშინებენ, მართალია ცხენებით აღარავინ მოგვიტანს „კაი-მაღს“ და ყურუთს, ტყლაპსა და „ხაპიგულას“, მაგრამ მაინც დღემდე მსიამოვნებს იაილებში ფეხით გაღმა გასვლა და იქ ესკიზების ხატვა. და თან მემთეურების ძველი ამბების მოსმენა. მე მაქვს სერია, რომელიც მწვანე ტბის ბავშვებს მივუძღვენი. იცით, მთის ხის სახლების კედლების  დღემდე აქვთ მემთეურებს ძველი აჭარული ნაქარგობით მორთული. ბებია – „გულხანუმიც“ ასე იჯდა  ხის აივანზე, ხან კარტს თამაშობდა, ხან შაირებს ამბობდა და ხან ქარგვას გვასწავლიდა.
ბავშვობა ჩემთვის მწვანე ფერია. ალბათ „თურქიზი“ – არის ასეთი ფერი, კიდევ კობალტიც ანუ ცისფერის ერთ-ერთი გამა.ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ – ბათუმელებს ზღვა არ გვიყვარს. ეს არ არის სიმართლე!
ჩვენს ოჯახს განსაკუთრებით გვიყვარს ზღვა და ცურვა. მე ხუმრობით ბავშვობიდან „დელფინს“ მეძახდნენ! მე კი საკუთარ თავს მარინისტსაც ვეძახი, რადგან სიგიჟემდე მიყვარს წყალი, ცურვა. ზღვის პეიზაჟებსაც ხშირად ვხატავ. მიცხოვრია უზღვო ადგილას, რაც ჩემთვის ძალიან რთული იყო. ნამდვილი ზღვისპირელი ვარ.
– პროფესიით ინტერიერის დიზაინერი ხართ. სამხატვრო აკადემია დაამთავრეთ…
– ყოველთვის მომწონდა ჩხირკედელაობა, რაიმესთვის „მეორე სიცოცხლის“ მიცემა, ანუ ძველი ნივთებისთვის ახალი დანიშნულებისა და  ვიზუალის მიცემა.
დიზაინის კეთება ჩემთვის პროფესიაზე მეტია. ეს არის საყვარელი საქმე, განტვირთვაც არის და აზარტიც. პანდემიის დროს დავიწყე რესტავრაციაზე მუშაობა. ვისწავლე სხვადასხვა ინსტრუმენტზე მუშაობაც. ვოცნებობ, რომ მალე მქონდეს საკუთარი ინტერიერის დიზაინის ფირმა. ეს პროფესია ზედგამოჭრილია აქტიური და ცნობისმოყვარე ადამიანისთვის, რომელსაც არ უყვარს ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა და მოსწონს ნებისმიერ ადგილას მოგზაურობა. შეგიძლია, იმუშაო დიზაინზე, შენი ოფისი თან გაქვს, ანუ აკეთებ ესკიზს და ხაზავ კომპიუტერში. შეიძლება იყო სადმე სასტუმროში ან იყო სადმე „კამპერით“ ან უდაბნოშიც კი.
ეს ძალიან საინტერესო, მოსახერხებელი და პრაქტიკული საქმეა, თუმცა დიდ ნებისყოფას, ნიჭს და შნოს უკავშირდება.მხოლოდ დიზაინის მოკლევადიანი კურსით ვერავინ გახდება პროფესიონალი დიზაინერი. ამას სჭირდება აკადემიური სწავლაც არქიტექტურაზე, აკადემიაში, ასევე მუდმივად სიახლეების ძიების უნარი, და ეს ყველაფერი წარმოუდგენელია ხაზვისა და ხატვის სიყვარულის, შნოსა და უნარის გარეშე.
ებრუანუ წყალზე ხატვა, რატომ დაინტერესდით?
– ებრუ რეალურად  ჩემთვის ყველაზე დიდი განტვირთვაც და  ასევე ყველაზე მძაფრი შთაგონებაც გახდა. წყალი დიდ შესაძლებლობებს იძლევა. ყველაზე მისტიკური და მიმჯაჭველიც კია. მუშაობის დროს რუტინას არ გრძნობ. მუდმივად შეიძლება შეიცვალოს ნახატის კომპოზიცია. უნდა გქონდეს შნო, რომ მოულოდნელობა საჭიროდ გარდაქმნა, ანუ იმპროვიზაციის საშუალებას გაძლევს. ბებია მეუბნებოდა, ცუდი სიზმარი წყალს უთხარიო. მეც ასე ვიქცევი მუშაობისას – ყველაზე ცუდი ემოცია ღამის სიზმრიდან, ვაქციო ლამაზ ამბად, თან რიტუალივით წყალს გულში ვესაუბრები. სწორედ ამიტომაც ებრუს ერთ-ერთ ახალ სერიას „წყლის სიზმრები“ დავარქვი. წყალი ცოცხალია, მოძრაობს, თითქოს გესაუბრება. ამიტომაც არის ებრუ მაგიური.
–  ებრუთი ქართული მოტივებით ახალი ნამუშევრები შექმენით…
– დიდი ხანია მინდოდა, რომ როგორც მე ვეძახი, ებრუ გამექართულებინა, ებრუ არის საკმაოდ ძველი დეკორატიული ხელოვნება. მისი არსებობა აზიაში საუკუნეებს ითვლის, მაგრამ არ არის ცნობილი საქართველოში. უფრო ორგანული რომ ყოფილიყო ქართველებისთვის, მე მათ დავუმუშავე ერთ-ერთი სერია ქართული მოტივებით. განსაკუთრებით საინტერესო გამოვიდა: „აჭარული სერია“, „ნაივური ნაქარგების“ მოტივებით.  ირემი, ჩიტები, მამლები, ფარშევანგები… წყალში გარდაისახნენ მისტიკურ პერსონაჟებად. ჩემს სტუდიაში სამუშაოდ კი დავამუშავე არაერთი არტპროფილი ებრუში. ამ ამბავს კი ერთად დავარქვი – „ფერები წყალში“. როგორც ზღვის სიღრმეში ბრჭყვიალებს და ციმციმებს ფერადი კენჭები. ზუსტად ასე ასხივებს ფერებს წყალი.
როგორც მხატვარი, ვმუშაობ ებრუზეც და აუცილებლად ცალკე გამოვფენ ჩემს ნახატებს წყალში.
– ბოლო სამი თვეა მუშაობთ ახალ ხაზზე – „ებრუ  შარფებზე“ – რომელსაც უწოდეთ  – „მხატვრის თვალით“…
– ეს იქნება ჩემი ნახატებით შექმნილი ნამუშევრები წყალში, საიდანაც შემდეგ აბრეშუმზე გადასახლდებიან. ანუ ებრუს შარფები სპეციალური დიზაინის ხაზი იქნება. ეტაპობრივად გავამხელ ებრუს მორიგ ყველა თავგადასავალსა და სიახლეს. ამ ეტაპზე კი უკვე ავიხდინე ოცნება და ბათუმში პირველად იქნება ებრუს შემსწავლელი კურსები. ჩემი შემოქმედების გაცნობა შესაძლებელია ჩემს გვერდზე: არტ’პოლიგლოტი-არტ’ინტერიერი.
–   საავტორო სტუდია არტპოლიგლოტში ებრუს სამოყვარულო და აკადემიური პროგრამით ეუფლებიან… – სტუდია „არტპოლიგლოტი“ 2020 წელს დავაარსე და ვეცადე,  ისეთი ყოფილიყო, როგორიც მე ჩემი შვილისთვის – ალექსანდრასთვის მენდომებოდა, ან მე თვითონ მოვინდომებდი რაიმეს სწავლას. უნდა ყოფილიყო გერმანიაში ნანახი ყველა არტსტუდიის  კონცეფციის მატარებელი და  თან, ამავდროულად, არ ყოფილიყო სხვა სტუდიების ასლი! ვფიქრობ, გამომივიდა!
სტუდია ნამდვილად არის ის პატარა არტკუნძული თუ არტპლატფორმა, თავისი მანდარინის ბაღით ბათუმში, სადაც ადამიანები მთელი არსებით ეუფლებიან და იყვარებენ ხელოვნების სხვადასხვა დარგს. ჩემი მისია კი ის არის, რომ არტის სიყვარული ირგვლივ ბევრ ადამიანს გადავდო  და მათ  საკუთარი ნიჭისა და ძალის რწმენა შთავუნერგო. მინდა მივახვედრო ყველა, რომ ხელოვნებას არ აქვს საზღვრები, ჩარჩოები, მით უმეტეს – არ ცნობს არანაირ ასაკს! რომ შეიძლება ნებისმიერ ასაკში ხატო! ნიჭი არ ბერდება!  და თუ ადამიანი ამ საოცარი უნარის მატარებელია, ადრე თუ გვიან მაინც გამოვლინდება და დროსაც აუწყობს ფეხს, ოღონდ სწორ ადგილას და სწორი მენტორით. მაგრამ არტი არ არსებობს ნებისყოფისა და შრომის გარეშე. მხოლოდ ნიჭი არის წამგებიანი. ეს ყველაფერი მხოლოდ პასუხისმგებლობითა და რეგულარული შრომით არის შესაძლებელი.
ბოლო პერიოდში წამოვიდა ტენდენცია, ამბობენ, რომ მე ვარ მოყვარული მხატვარი და არ მჭირდება სამხატვრო აკადემიაში სწავლაო. მე მათ ვეტყოდი, რომ ასეთი რამ არ არსებობს! უნდა ისწავლონ და იშრომონ! მხატვრობა არ არსებობს განათლებისა და მით უფრო – ინტელექტის გარეშე! ხუმრობით კი მათ ასე ვეტყოდი: „უნდა ისწავლოთ ძალიან კარგად, აკადემიურად! რომ უკეთესად დაანგრიოთ ნასწავლი და  მერე იპოვოთ საკუთარი გზა“!
ჩემს სტუდიაში კი სწავლობენ სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები. აქაც ხუმრობით გავიმეორებ, რომ აქ სწავლობენ მანამ, სანამ თვალი უჭრით და ხელი ემორჩილებათ!
ყოველთვის ვეძებ სახელოსნოში სამუშაოდ განსაკუთრებით ნიჭიერ პერსონაჟებს, ჩემი სტუდიის ყველაზე მთავარი მოვლენაა – მანდარინების ბაღში ხატვა! პლენერში ანუ ღია ცის ქვეშ ბუნებაში ხატვა ძალიან საჭირო და, ამავდროულად, ძალიან სასიამოვნოც არის.
მანდარინებში ყველა სეზონზე ვხატავთ, ზამთარშიც კი. მაშინ, როცა არ წვიმს. ყველაზე ლამაზი სეზონი კი ალბათ შემოდგომა და გაზაფხულია. მანდარინის ყვავილობისას აპრილში, ირგვლივ ციტრუსების გამაბრუებელი სურნელი ტრიალებს, მთელ რადიუსზე იგრძნობა კვარტალში. მანდარინობაზე, ანუ რთველში კი „არტპოლიგლოტელები“ თავადაც მონაწილეობენ  მოსავლის აღებაში და თან ხატავენ. ყველაზე სასიამოვნო კი ალბათ ღია ცის ქვეშ ველოთი გასვლა  და იქ ხატვაა.ველოსპორტი ჩვენი სტუდიის საყვარელი სპორტია და, საერთოდ, მოძრაობა ანუ სპორტი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია!
შესვენებაზე სტუდიელები თამაშობენ ბაღში, ასევე თამაშობენ: მაგიდის ჩოგბურთს, ბადმიტონს, ფრეზის… სახელოსნოში – ჭადრაკსა და ლოტოს.
ჩვენი სტუდიის დევიზია: „იკითხეთ და ხატეთ ჩვენთან ერთად“! ამიტომაც წიგნის კლუბი „მანდარინები“ ყველასთვის საყვარელი ამბავია.
ხან მარადმწვანე ბაღში ვკითხულობ, ხანაც კი ინტერიერში – ბუხართან. საყვარელი წიგნის პერსონაჟების გაცოცხლება ჩემი სტუდიის ყველაზე მთავარი მოვლენაა. ყველაზე სასიამოვნო და განსაკუთრებულია ჩვენს სტუდიაში წაკითხული წიგნიდან  ილუსტრაციების შექმნა.
მანდარინების ბაღში ხელოვნების კიდევ ერთ მიმდინარეობასაც ვეუფლებით. ეს არის „ლენდ-არტი“, ანუ ბუნებრივი მასალებით სიმწვანეში არტ ინსტალაციების შექმნა. როგორიცაა ხეებზე მოქსოვილი ინსტალაციების ჩამოკიდება, თუ ქვებისგან, ფოთლებისგან მანდალების შეკვრა მიწაზე. ლენდ-არტი ამოუწურავია და ამისთვის მანდარინების ბაღი შესაფერისი ადგილია.
ჩვენ ვცდილობთ, სტუდია აკადემიური და, ამავდროულად, ინოვაციურიც იყოს. მუდმივად ვტრანსფორმირდებით და ვვითარდებით.
სტუდიაში არსებობს სხვა მრავალი არტპროფილი, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ. მანამდე კი, როგორც ყოველთვის, ვიტყოდი, რომ „მესაუბრეთ ფერებით, გიპასუხებთ ფერებით“! –  ეს სიტყვები ალბათ ყველაზე უკეთ გამოხატავს ჩემი სახელოსნო-სტუდიის არსს.–  მოგზაურობა დიდ შთაგონებას გაძლევთ. საინტერესო სერიები შექმენით ეგვიპტესა და უკრაინაში… ებრუს შთაგონების მიზეზი კი სტამბოლია…
– მოგზაურობა ჩემთვის ყოველთვის იქნება მთავარი მძაფრი ინსპირაცია. უკრაინულ და ეგვიპტურ სერიაზე უკვე ბევრი ვისაუბრე, ამიტომ აღარ გავიმეორებ, ვოცნებობ, შვილთან ერთად შემოვიარო მთელი მსოფლიო და, გზადაგზა, ორივე ერთად ვხატავდეთ ჩვენი თვალით ნანახსა და განცდილს.
მინდა სხვადასხვა ეროვნების  ადამიანების  პორტრეტების სერია ისევ გავაგრძელო. ხშირად ვამბობ, რომ კოსმოპოლიტი ვარ. ეს არის ყველაზე მთავარი აქცენტი ჩემს არტშიც და ცხოვრებაშიც. ჩემთვის ჩანიშნული სპეციალური სიაც მაქვს, თუ რომელი ქვეყნები მინდა ვნახო აუცილებლად, სანამ ცოცხალი ვარ. თუმცა მინდა, რომ მთელი მსოფლიო შემოვიარო. არ არსებობს ადგილი, რომელიც ჩემთვის არ არის საინტერესო! მოგზაურობის სურვილით დავიწყე ენების სწავლა. ახლა ფრანგულსა და იტალიურს ვეუფლები. სამომავლოდ არ გავჩერდები და სხვა ენების სწავლასაც ვაპირებ. როცა ქმნი პორტრეტებს და ხარ მხატვარი, ვფიქრობ, ადამიანებს საკუთარ ენაზე უნდა ესაუბრებოდე, რომ უფრო გაიხსნან და ბოლომდე გაჩვენონ სამყარო. სწორედ ამის შემდეგ იბადება სულ სხვანაირად ღრმა პორტრეტები. ფრანგულს ჩემი წიგნის კლუბის წევრებთან ერთად ვსწავლობ,  იტალიურს კი – მარტო. „არტპოლიგლოტი“ – ფსევდონიმიც კი ენების სიყვარულით მომაფიქრდა. მგონია, რომ თვით ხელოვნება პოლიგლოტივით არის, მისი ყველას ესმის და იგებს.– ერთი ნამუშევარი (სერია)… საინტერესო ამბავი…
– ხშირად ვუყურებ დოკუმენტურ გადაცემებს მოგზაურებზე, ადამიანებზე, რომლებიც Camper-ებით – სახლი-მანქანებით მოგზაურობენ, ან სახლი-ნავებით. მშურს მათი. ვოცნებობ, რომ ოდესმე მეც მყავდეს ჩემი ხელებით გაკეთებული დიზაინით ერთი Camper-ი, რომელსაც Pilot-ს დავარქმევ, რადგან მიყვარს მფრინავები, ისინი ძლიერები და თავისუფლები არიან.
ერთ-ერთი სერია Pilot. პილოტი ანუ მფრინავი. ბოლო პერიოდში ქალების სერიაზე ვმუშაობ. ვხატავ ძლიერ და დამოუკიდებელ, პრინციპულ ქალებს. ჩემს ყველა სერიას აქვს წინაპირობა, მოვლენა და ამბავი.
მაგრამ ამჯერად მოგიყვებით „თვალისჩინის“ ანუ ჩემი მეგობრების პორტრეტების სერიის ამბავს! ალბათ ეს იყო ყველაზე ემოციური სერიაც! მეგობრები ჩემთვის ნამდვილად არიან „თვალისჩინის“ დარი! სწორედ ამიტომაც ამ სერიასაც ეს სახელი შევარქვი. ეს ექსპოზიცია გასულ წელს გამოიფინა და არასოდეს დაგვავიწყდება ეს „საერთო ზეიმი“!
სერიაში მოხვედრილ ნატურას აუცილებლად ცოცხლად უნდა ეპოზიორა. გულწრფელი და ბოლომდე ბუნებრივი უნდა ყოფილიყო. ცოცხლად ხატვა იმდენად მისტიკური პროცესია, რომ ამ სერიის გმირები  ძალიან ემოციურები და გახსნილები იყვნენ: ისინი საუბრობდნენ თავიანთ სევდასა და სიხარულზე. თითქოს მხატვარი მათ პარაფსიქოლოგად გადავიქეცი. ალბათ არც ესაა შემთხვევითი.
მხატვარი მართლაც არის ფსიქოლოგი და დამკვირვებელია. ალბათ ამიტომაც არსებობს გამოთქმა: „მხატვრის თვალით“! ეს პროცესი მე ძალიან მომეწონა, თითქოს გოდერძი ჩოხელივით მეც სევდების შემგროვებელი ვიყავი! ვუყურებდი მათ და ვფიქრობდი, როგორ ტრანსფორმირდნენ ადამიანები თვალსა და ხელშუა. ზოგიერთი მათგანი პროცესში ლექსებს კითხულობდა, ზოგი რომელიმე ინსტრუმენტს უკრავდა, ზოგი კი მიმღეროდა! ერთ-ერთს კი ხატვისას ჩოხაც ეცვა  და ეს ძალიან ამაღელვებელი იყო.ერთ-ერთი მეგობარი სახელოსნოში ბუხრის წინ მიმღეროდა ძველ სიმღერას – „სალამურას“.  უცებ ვიგრძენი, რომ აუცილებლად უნდა დამეხატა. გავაჩერე და ვუთხარი, რომ პასტელს მივიტანდი. გამეღიმა, გაუჩერებლად მიმღეროდა ამ ერთ სიმღერას და მე ვხატავდი. მაშინ ხმამაღლა ვთქვი, რომ „ის მიმღეროდა და მე ვხატავდი“! – მას შემდეგ გაჩნდა ახალი სერიაც! მას შემდეგ ვხატავ მუსიკოსებს, მაშინ, როცა ცოცხლად მიმღერიან. როცა გალერეაში გახსნის დღეს ამ პორტრეტებს არ დავაწერეთ  პროტოტიპების სახელი, მაინც მთელმა ქალაქმა ამოიცნო ადამიანები ნახატებში. ვიცი, რომ ამ სერიას მთელი ცხოვრება გავაგრძელებ.
– ზღვისპირელი მხატვრის – მარინისტის თვალით დანახული ბათუმი…
– ხშირად მეძახიან მარინისტს, ანუ მხატვარს, რომელსაც ზღვის ხატვა უყვარს. ბათუმში ცხოვრება ჩემი არჩევანია, რადგან რეალურად  ბათუმი არის შემოქმედებითი მუხტის მატარებელი.
ხშირად ვიმეორებ, ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ბათუმელი ანუ ზღვისპირელი ვარ. ალბათ სხვაგან რომ მეცხოვრა, აუცილებლად გადმოვცხოვრდებოდი ამ ქალაქში!
უცხოეთშიც ყოველთვის, პირველ რიგში, ზღვისპირა ქალაქებს ვირჩევ დასათვალიერებლად. ძალიან მიყვარს ადგილები: წყალთან, ტბასთან, მდინარესთან, ოკეანესთან და ზღვასთან. და ამ ყველა ადგილს თავისი აურა და ვიზუალი, თავისი ხიბლი აქვს. ძალიან მინდა, როდისმე სახელოსნო მქონდეს სადმე მთაში ტბასთან, საცხოვრებლადაც მინდა სადმე ზღვისპირას ვცხოვრობდე. ტალღების არ მეშინია და ძალიან მიყვარს შტორმის ყურება.  ცურვა ისედაც ჩემი საყვარელი სპორტია.– წიგნის კლუბი დააფუძნეთ.  საინტერესოა, როგორია მხატვრის წიგნის კლუბი…
– ჩემი წიგნის კლუბი უკვე მეოთხე წელის არსებობს. კლუბის წევრები კი არიან ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პროფესიით, ასაკითა და ცხოვრების სტილით. მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ – ლიტერატურის სიყვარული. მათ განსაკუთრებით უყვართ ხელოვნების სხვადასხვა დარგი.
წიგნის კლუბი ძალიან კონტრასტულია. მუდმივად ტრანსფორმირდება, ვითარდება და იცვლება, მაგრამ მაინც ლიტერატურა არის უცვლელი გამაერთიანებელი რამ. წიგნის კლუბი არის ერთი ჯგუფი, რომელსაც ყოველთვის აქვს თავისი პოზიცია, პრინციპები და მიზნები, ირგვლივ მომხდარ მოვლენებსა და განვითარებულ სიტუაციაზე ყოველთვის აქვს თავისი მკვეთრი და  გარკვეული პოზიცია. კლუბი ძალიან ცოცხალი ჯგუფია, რომელიც ან აპროტესტებს რაიმეს ან უჭერს მხარს. წიგნის კლუბს ყოველთვის უკავია სიმართლისა და სიკეთის მხარე.
კლუბში გაერთიანებული ვართ ასევე საყვარელი სპორტის ველომოყვარულებიც. სპორტი ჩვენთვის ერთ-ერთი ძლიერად გამაერთიანებელი მოვლენაა. ხშირად ვვარჯიშობთ ერთად ველოთი ღია ცის ქვეშ, ან ზღვის პირას ვკითხულობთ ლექსებსა და წიგნებს. ძალიან მეამაყება, რომ უკვე მეორე წელია წიგნის კლუბი ერთად ვსწავლობთ ფრანგულ ენას. გვინდა, რომ ერთ დღესაც წავიდეთ ტურით საფრანგეთში და ყველა ის ადგილი ვნახოთ, რომელიც ნახსენებია ჩვენს წაკითხულ წიგნში. ეს არის ბადრი თევზაძის წიგნი „პარიზში წასვლას რა უნდა“?!
ეს არის ერთი კარგი სამეგობროს ჯგუფი, რომელიც ზამთრობით სამეგობროს ბუხართან იკრიბება, მანდარინის ჩაის მიირთმევს და საუბრობს წიგნებზე. კარგ ამინდში კი მანდარინების ბაღში ვსაუბრობთ საყვარელ მწერლებზე. ეს არის არაკომერციული უფასო არტპროექტი,  და ჩემი, როგორც ავტორის მისია, რომ უფრო მეტ ადამიანს გადავდო, პირველ რიგში, წიგნის და შემდეგ ხელოვნების სიყვარული.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები