ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დოდო აბაშიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ექსპოზიცია გაიხსნება

დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს ეროვნული არქივი გამოფენით აღნიშნავს.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 20 სექტემბერს, 18:00 საათზე, გაიხსნება.
ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი იხილავს დოდო აბაშიძის თეატრალური და კინოროლების ამსახველ ფოტოებს, მის პორტრეტებს და საოჯახში არქივში დაცულ სურათებს.
ექსპოზიციის პარალელურად საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილი იქნება მარკა „დავით (დოდო) აბაშიძე – 100 წელი”, რომელიც საქართველოს ფოსტამ მიმდინარე წელს გამოსცა.
დოდო აბაშიძის სამსახიობო კარიერა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 1949 წელს დაიწყო. მან 7-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში 20-ზე მეტ სპექტაკლში ითამაშა. 1954 წლიდან იღებდნენ კინოში.
მხატვრულ ფილმებში განასახიერა 50-ზე მეტი როლი, მათ შორისაა: ბიჭიკო („ჭრიჭინა”, 1954), აბდუშაჰილი („ბაში–აჩუკი“, 1956), დღვირა („თეთრი ქარავანი“, 1963), ომარ მარღანია („მაცი ხვიტია“, 1966), სოსანა („დიდი მწვანე ველი”, 1967), მამამზე ერისთავი („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), ალექსანდრე („სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, 1969), პრისტავი („ვერის უბნის მელოდიები”, 1973), იასონი („პირველი მერცხალი”, 1975), პაპა გაბრიელი („მწვერვალი”, 1976), ვარლამი („რაჭა, ჩემი სიყვარული”, 1977), არქიფო სეთური („დათა თუთაშხია“, 1977), ყვარყვარე („ყვარყვარე”, 1978), გიორგი („ფესვები”, 1987) და სხვა.
აღსანიშნავია, რომ დოდო აბაშიძის საიუბილეოდ, თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში, 20 სექტემბერს, ნაჩვენები იქნება რეჟისორ ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“.
გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N1/პეკინის გამზ. N40 (შესასვლელი პეკინის გამზირის მხრიდან)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები