კულტურის სამინისტროში კახაბერ მელითაურის წიგნის – „ვიბრამების“ წარდგენა გაიმართა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში კახაბერ მელითაურის წიგნის – „ვიბრამების“ – წარდგენა გაიმართა. წიგნი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა მას შემდეგ, რაც მოთხრობების ამ კრებულმა 2023 წელს ლიტერატურული კონკურსის – „მუზის“, პროზაული კრებულის ნომინაციაში გაიმარჯვა. კონკურსში კრებულის ელექტრონული ვერსია იყო წარმოდგენილი და აქამდე წიგნად გამოცემული არ ყოფილა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე გრიგალაშვილი, საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი, წიგნის რედაქტორი ნინია სადღობელაშვილი და კახაბერ მელითაურის ოჯახის წევრები, მეგობრები თუ კოლეგები.
„მწერლისა და კინოდოკუმენტალისტის, კახაბერ მელითაურის, მხატვრულ-დოკუმენტური მოთხრობები ჩვენი უახლესი წარსულის შთამბეჭდავი რეტროსპექტივაა.
წიგნი – „ვიბრამები“ მოგვითხრობს სისტემური ცვლილებების ქაოსში მოყოლილი ადამიანების, თაობების ბედის, დაპირისპირების, გადარჩენისა და გმირობისთვის ბრძოლის ბრწყინვალე მაგალითების შესახებ.
წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგის“ მიერ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2021 დააფუძნა ლიტერატურული პრემია – „წლის საუკეთესო“. მოგვიანებით კონკურსის წარმატებისა და მის მიმართ დიდი ინტერესის გათვალისწინებით, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2022 წელს კონკურსი ჩატარდა განახლებული სახით, 10 სხვადასხვა ნომინაციითა და ახალი სახელწოდებით – „მუზა“.
კონკურსი ყოველწლიურად სექტემბერში გამოცხადდება. მისი მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.