ოთარ ჩრდილელი: არავის არ უნდა შერჩეს მასმედიის წარმომადგენელზე ძალადობა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი მედიაზე ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, პაატა დავითაის თავდასხმის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
როგორც ჩრდილელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, წარსულის გადმონაშთებს და რეტროგრადული აზროვნების მქონე მავნე ელემენტებს ნუ ექნებათ ილუზია, რომ დაუსჯელი დარჩებიან.
„ის, რაც მოხდა, აღმაშფოთებელია. არ შეიძლება თავდასხმა მოხდეს ჟურნალისტზე, ვინც არ უნდა იყოს, არა აქვს მნიშვნელობა მის პოლიტიკურ შეფერილობას. ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება. არავის არ უნდა შერჩეს მასმედიის წარმომადგენელზე ძალადობა. საზოგადოებისთვის ხელწერა ნაცნობია – ჯოგობრივი პრინციპით ინდივიდის ცემა. ნურავის ექნება ილუზია, განსაკუთრებით წარსულის გადმონაშთებს და რეტროგრადული აზროვნების მქონე მავნე ელემენტებს, რომ დაუსჯელი დარჩება ის, ვინც განახორციელებს აგრესიას ჟურნალისტზე. წავიდა ის დრო, როდესაც სააკაშვილის პოლიტიკურ რეჟიმს: მასმედია -ძაღლად, ხოლო თავისი ე.წ.პოლიტისტიბლიშმენტი -ქარავნად მიაჩნდა. აღნიშნული ამაზრზენი ფაქტი ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ჩვენი ქვეყნის აღიარებას საერთაშორისო ასპარეზზე, კერძოდ – აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის, მედიის თავისუფლების ინდექსში, საქართველო პირველ ადგილზეა. იმედია, სამართალდამცავები აღნიშნულ ფაქტზე მოახდენენ დროულ რეაგირებას და დამნაშავენი, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან“, – წერს ოთარ ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ გუშინ გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი ზაზა დავითაია სცემეს. ჟურნალისტის განცხადებით, მას თავს “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლები დაესხნენ. აღნიშნულ ფაქტს “თავისუფალი ზონის” და “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლებს შორის წუხელ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლების განცხადებით, ისინი “თავისუფალი ზონის” ოფისთან “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემის გამო შეიკრიბნენ, რა დროსაც მათ “თავისუფალი ზონის” წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. “თავისუფალი ზონის” წევრები კი ამბობენ, რომ “თავისუფალი თაობის” 50-მდე წარმომადგენელი ოფისში შეიჭრა და ამას მოჰყვა დაპირისპირება.