დოკუმენტური ფილმის – „წმინდა გრიგოლ ხანძთელის“ წარდგენა გაიმართა

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, ლოცვა-კურთხევით გადაღებული დოკუმენტურის ფილმის – „წმინდა გრიგოლ ხანძთელის“ წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი დაესწრო.
„გამორჩეული და მრავალმხრივი სასულიერო მოღვაწის ცხოვრების შესახებ დოკუმენტური ფილმის რეჟისორია კახა იმნაიშვილი. ფილმზე მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ არქიმანდრიტი ილია და თეოლოგი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე. აღსანიშნავია, რომ მაყურებელი ფილმში იხილავს ტაო-კლარჯეთისა და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორიულ ფრაგმენტებს, მათ შორის დღემდე უცნობ კადრებს.
საქართველოს წმინდანთა დასში ღირს მამა გრიგოლ ხანძთელს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი და მის თანამოაზრეთა ღვაწლის შედეგია, რომ ტაო–კლარჯეთი აღორძინდა და ამით საფუძველი ჩაეყარა როგორც ამ მხარის, ისე მთელი საქართველოს სულიერ, კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ აღმავლობას, ამასთან მომზადდა ნიადაგი ქვეყნის ერთიანობისათვის, დავით აღმაშენებლის საქართველოსათვის.
უდიდეს სულიერ მოღვაწეობასთან ერთად გრიგოლ ხანძთელი იყო საზოგადოებრივად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი; რისი გამომხატველიცაა ქართველთა ერთობის შესანიშნავი ფორმულა, რომელიც არქიმანდრიტ გრიგოლისა და სხვა ხანძთელ მოღვაწეთა აღმწერელმა გიორგი მერჩულემ ასე გამოთქვა: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები