ფიტარეთის მონასტრის მხატვრობის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები დასრულებულია
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ფიტარეთის მონასტრის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები დასრულებულია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, წელს გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდებოდა მონასტრის სამხრეთ და დასავლეთ მკლავების მხატვრობაზე.
ტაძარში მსუბუქად ჩამოიწმინდა მხატვრობა, დაზიანებული ქიმები ახლით ჩანაცვლდა, ფერის ფენა გამაგრდა, ნალესობის ბზარები ამოიგოზა, სამხრეთ და დასავლეთ მკლავებზე შერჩენილი რამდენიმე კლამერი კორექტირდა.ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალისტების უშუალო მონაწილეობით ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში არსებული ყაფლანისშვილ-ორბელიანთა საძვალიდან რამდენიმე საფლავის ქვას ჩაუტარდა კონსერვაცია.
სამუშაოებს ასრულებდნენ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კედლის მხატვრობის სპეციალისტები.
ინფორმაციისთვის: 2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ფიტარეთის მონასტრის ინტერიერში ნალესობის ფენაზე გამოვლინდა არასტაბილური ტიპის განშრევებები, რის გამოც ნალესობა ჩამოცვივდა; ასევე, ცალკეულ მონაკვეთებში ფერწერული ფენა იყო აქერცლილი; ნალესობის ფენაზე გაჩნდა დიდი ზომის ბზარებიც; შესაბამისად, აუცილებელი გახდა სპეციალისტების დროული ჩარევა.
„ფიტარეთის მონასტრის კედლის მხატვრობის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები 2023 წელს დაიწყო და მის ფარგლებშიც იდენტური ტიპის სამუშაოები ჩატარდა, რაც 2024 წელს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა ეკლესიის საკურთხევლის, ჩრდილოეთ მკლავისა და გუმბათის ყელის მხატვრობას.
ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია აგებულია 1213-1222 წლებში, ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდში. ნაგებობის ფასადებზე არსებული დეკორი მაღალმხატვრული ოსტატობითაა შესრულებული. ტაძრის ინტერიერის კედლები მთლიანად დაფარულია გვიანი შუა საუკუნეების (XVII ს.) რეგისტრებად დაყოფილი მხატვრობით. შემონახულია ლაპიდარული წარწერებიც.
ისტორიული დოკუმენტების მიხედვით ფიტარეთის მონასტერი ბარათაშვილების კუთვნილება იყო. მონასტრის გამო დაწყებული დავა ყაფლან, პაატა და პაპუნა ბარათაშვილს შორის ყაფლანის სასარგებლოდ დასრულდა. შედეგად კი ფიტარეთის მონასტერში არსებულ საძვალეში ყაფლანის შთამომავლები ყაფლანისშვილ-ორბელიანები იმარხებოდნენ. ტაძრის ინტერიერში დაცულ რამდენიმე საფლავის ქვას ისტორიული მნიშვნელობის წარწერები აქვს. ფიტარეთის ლაპიდარული წარწერებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა მოწითალო ფერის ქვა, რომელსაც ლამაზი ასომთავრული ხვეულით აწერია და, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი ვარაუდობს, ეს სულხან-საბა ორბელიანის მამის, ვახტანგის, განსასვენებელი უნდა იყოს“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.