მისივე თქმით,  ოპოზიცია ცდილობს სიცრუით, ზეწოლით, ზიზღის გაღვივებით მიაღწიოს გამარჯვებას, თუმცა ქართველ ხალხს უკვე გაკეთებული აქვს არჩევანი, რომელსაც 26 ოქტომბერს  საარჩევნო უბნებში დააფიქსირებს.

„უბრალოდ, ქართველი ხალხი უკეთ ხედავს, რომ ორჯერ ორი არის ოთხი და რომ საქართველოს მოქალაქეა ის ადამიანი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნის  მომავალთან დაკავშირებით. ყველას ავიწყდება, რომ  საქართველოს მოქალაქეა ის ადამიანი, რომელმაც გაიარა სსრკ-ს ნგრევის შემდეგ 90-იანი წლების პერიპეტიები, ომი და უბედურება, რომელიც ოკუპანტის ხელშეწყობით და გარე ძალების ჩარევით ამ ქვეყანაში პერიოდულად მიმდინარეობდა. შესაბამისად, ძალიან კარგად არჩევს ქართველი ადამიანი, სად არის სიმართლე და სად არის სიცრუე.

ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ საქართველოს მოქალაქე, მჯდარი უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების წინაშე, რომელიც იტყუებოდა იმ რეალობის შესახებ, რაც მის სამშობლოშია და ყველანაირად ცდილობდა შავ-ბნელ ფერებში წარმოედგინა ის რეალობა და სიმშვიდე, რომელიც ამ ეტაპზე ქვეყანაშია, რომლის შენარჩუნებასაც ძალიან ვცდილობთ.

ამ დღეებში ვიხილეთ ე.წ. პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ უხეშად ერევა წინასაარჩევნო პროცესში და მოწოდებებს აკეთებს პოლიტიკური პარტიებისთვის, რადგან იციან, რომ საარჩევნო  ბარიერს ვერ ლახავენ და საჭიროებენ პრეზიდენტის ჩარევას, რომ რაღაც გაერთიანებას მიაღწიონ.

ამ დღეებში ვიხილეთ ძალიან ბევრი სიყალბე, სიცრუე, ინფორმაციის დამახინჯებულად ტირაჟირების არაერთი მაგალითი, მათ შორის, დავების მშვიდობიანი მოგვარების საკითხთან დაკავშირებით. და თუ ვინმე მეტყვის მსოფლიოში, რომ საქართველოში შესაძლებელია დავის მშვიდობიანი მოგვარება შერიგების, შენდობის გარეშე, გამორიცხულია, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ  შერიგებით, ეკონომიკური წინსვლით შევინარჩუნოთ ის მშვიდობა, რომელიც ამ ძალიან რთულ სიტუაციაში გვაქვს და ამას ძალიან კარგად ხედავს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.

სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს  კვლავ გაიმარჯვებს „ ქართული ოცნება” და მიუხედავად იმ ისტერიისა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მოიმატებს როგორც შიგნიდან, ასევე გარედან, საქართველოს მოქალაქეს უკვე აქვს არჩევანი  გაკეთებული – თუ სად არის მშვიდობა, სად არის  საფრთხის შემცველი ტურბულენტობა, რომელიც ამ ქვეყანას შეიძლება წინ დაუდგეს და გადაწყვეტილება  მიღებული იქნება სწორედ „ქართული ოცნების” მხარდასაჭერად”, – განაცხადა მაია ბითაძემ.