კულტურის მინისტრი თბილისის ქალთა გუნდის რეპეტიციას დაესწრო
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის ქალთა გუნდს ესტუმრა; კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მოისმინა მათი შესრულება, ისაუბრა კულტურის სამინისტროსა და გუნდის ერთობლივი ძალისხმევით უკვე განხორციელებულ პროექტებზე. მინისტრმა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის ქალთა გუნდის ხელმძღვანელ ომარ ბურდულს და გუნდს წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.
„აღსანიშნავია, რომ თბილისის ქალთა გუნდს მრავალი წელია სარეპეტიციო სივრცე არ ჰქონდა. ამ პრობლემის დასაძლევად, თავდაპირველად, 2021 წელს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით გუნდს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში დაეთმო სივრცე რეპეტიციისთვის. სააქტო დარბაზის განახლების პროცესის დაწყების შემდგომ კი, სამინისტროს შუამდგომლობით, თბილისის ქალთა გუნდის სარეპეტიციო სივრცემ გადაინაცვლა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის შენობაში.
მნიშვნელოვანია, რომ 2022-2023 წლებში კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის – „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ – ერთ-ერთი გამარჯვებული თბილისის ქალთა გუნდია; პროექტის ფარგლებში გუნდმა თბილისსა და რეგიონებში წარმატებული კონცერტები გამართა. ასევე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ამა წლის 1 ივნისს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში თბილისის ქალთა გუნდის 10 წლის საიუბილეო სოლო კონცერტისა და პირველი აუდიოალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
ინფორმაციისთვის: თბილისის ქალთა გუნდი შეიქმნა 2013 წელს, სახელწოდებით -„თბილისის გოგონათა გუნდი“. გუნდის ხელმძღვანელია ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი ომარ ბურდული. გუნდში მღერის 30 ქალი – როგორც პროფესიონალი (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები), ისე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი მოყვარული მუსიკოსები. თბილისის ქალთა გუნდი დირიჟორთან ერთად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს და აქტიურად მონაწილეობს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისთვის გამართულ კულტურულ ღონისძიებებში, საქველმოქმედო კონცერტებსა თუ შემოქმედებით საღამოებში, ასევე საერთაშორისო ფესტივალებსა თუ კონკურსებში. ყოველწლიურად გუნდი მართავს სოლო კონცერტებს თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქების რჩეულ საკონცერტო დარბაზებში; დღეისათვის გუნდის კონცერტების რიცხვი 120-ს აღემატება. მრავალფეროვანია გუნდის რეპერტუარიც; ის მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა შესანიშნავ ქმნილებებს, ასევე მსოფლიო საგუნდო მუსიკის შედევრებს – 100-ზე მეტ ნაწარმოებს.
გუნდმა მოკლე დროში შეძლო მსმენელის სიყვარულის მოპოვება და დაიმსახურა უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მაღალი შეფასება. თბილისის ქალთა გუნდს გულშემატკივრობენ ქართული მუსიკალური კულტურის ღირსეული მოღვაწენი – კომპოზიტორები, დირიჟორები, შემსრულებლები და მუსიკისმცოდნეები.
ათი წლის მანძილზე გუნდმა მოიპოვა მრავალი მნიშვნელოვანი ჯილდო და ტიტული ადგილობრივ თუ საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალებსა და კონკურსებზე. თბილისის ქალთა გუნდი არაერთხელ წარდგა მსმენელისა და მაყურებლის წინაშე რადიო და ტელეეთერით. გუნდის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდება სტატიების სახით ჟურნალებსა და ინტერნეტსივრცეში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.