ანიმაციური კინოს რეჟისორი – ბონდო შოშიტაიშვილი 85 წლის გახდებოდა

დღეს ანიმაციური კინოს ბრწყინვალე რეჟისორი – ბონდო შოშიტაიშვილი 85 წლის გახდებოდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ბონდო შოშიტაიშვილის დიდ ღვაწლს ქართული ანიმაციური კინოხელოვნების განვითარებაში.
„ბონდო შოშიტაიშვილი მრავალმხრივ ნიჭიერი ხელოვანი – რეჟისორი, მხატვარი, ანიმატორი და სცენარისტი – იყო.
1959 წელს დაამთავრა თბილისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი მხატვარ-დეკორატორის სპეციალობით, ხოლო 1961 წელს კი ქ. მოსკოვში გაიარა „სოიუზმულტფილმთან“ არსებული მხატვარ-ანიმატორთა ორწლიანი კურსები (ვგიკ-ის ფილიალი). 1973-78 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის კინომცოდნეობის მიმართულებაზე.
1961-76 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტიპლიკაციური ფილმების გაერთიანებაში ჯერ მხატვრად, შემდეგ კი მხატვარ-ანიმატორად. ანიმატორია მულტიპლიკაციური ფილმებისა: „ნახევარქათამა“ (1962), „ხელმარჯვე ოსტატი – სპორტსმენი“ (1962), „გმირი“ (1963), „ ქორბუდა“ (1963), „ნარცისი“ (1964), „ მამაცი ვაჟა“ (1965), „ბომბორა“ (1968) და სხვ. დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: „ხე“ (1973) და „მებაღე“ (1975).
ბონდო შოშიტაიშვილი 1976 წლიდან მოღვაწეობდა როგორც ანიმაციის რეჟისორი. 1991 წლიდან იყო ანიმაციური ფილმების სტუდია „ორბის“ რეჟისორი, ხოლო 1996 წლიდან – ამავე სტუდიის დირექტორი და სამხატვრო-ხელმძღვანელი.
რეჟისორმა გადაიღო სიკეთითა და ღირებულებებით სავსე ანიმაციური ფილმები: „ქვასანაყი“ (ი. სამსონაძესთან ერთად, 1976), „კაცუნები“ (1978), „მამლაყინწა“ (1979), „ტალანტი“ (1981), „შლაპა“ (1982), „ტუსაღი“ (1984), „ყოფნა თუ… სმა?“ ( 1985 – საკავშირო კინოფესტივალის ჟიურის პრიზი, 1986), „ფაკირი“ (1986), „პროფილი და ანფასი“ (1988), „ალიყური“ (1989 – რუსეთის კინემატოგრაფისტთა უმაღლესი პრემია „ნიკა“, 1991), „იდარდე ტყეო“ (1990), „მოწმე“ (1991), „ოქროს ხელები“ (1992), „პარადოქსი“ (1999), „განხეთქილების ვაშლი“ (2002) და სხვ. ბონდო შოშიტაიშვილი თავისი ფილმების უმეტესობის სცენარის ავტორიც გახლდათ.
ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში: 1984-93 წლებში ხელმძღვანელობდა მხატვარ-ანიმატორთა სახელოსნოს. 2006 წლიდან თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი იყო; ასწავლიდა რეჟისორებისა და მხატვარ-ანიმატორების ჯგუფს.
ბონდო შოშიტაიშვილი საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირისა (1974-2022) და რუსეთის კინოაკადემიის საპატიო წევრი (2002-2022) იყო. 1999 წელს გახდა ღირსების ორდენის კავალერი, ქართული მულტიპლიკაციური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.
2016 წელს საქართველოს პირველი არხის გადაცემამ „ეპოქის ფრაგმენტები“ ბონდო შოშიტაიშვილზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები