ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი ქვეყნის ისტორიის და უნიკალური კულტურის დღევანდელ დღემდე მოტანაში თითოეულ კუთხეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის – ქართლი კი ყოველთვის ამ მრავალფეროვნების შემკვრელი იყო და მუდამ მტკიცედ იდგა საქართველოს თვითმყოფადობის სადარაჯოზე
„მოგესალმებით საქართველოს ულამაზესი კუთხის, შიდა ქართლის შვილებს! მოხარული ვარ, რომ საქართველოს შუაგულში კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ყველას ჩვენს ერთად დგომას, სიძლიერეს და სიმრავლეს. ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალფეროვნებისა და უნიკალური კულტურის დღევანდელ დღემდე მოტანაში თითოეულ კუთხეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. ქართლი კი ყოველთვის ყველა კუთხის, ამ მრავალფეროვნების შემკვრელი იყო და მუდამ მტკიცედ იდგა საქართველოს თვითმყოფადობის სადარაჯოზე“- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, შიდა ქართლში შეკრებილ მოსახლეობას.
ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას 2012 წელს სოფლის აღორძინებისთვის გაცემული დაპირებები შეახსენა და აღნიშნა, რომ ამ დაპირების შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქართული სოფლის გაძლიერებისათვის ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარი იხარჯება.
“3000-წლოვანი უფლისციხე, ყინწვისი, ატენის სიონი, წინაპრებისგან დატოვებული კიდევ უამრავი ხუროთმოძღვრების ძეგლი ყველაზე თვალსაჩინოდ შეგვახსენებს, თუ რამდენი რამ შესძინა ჩვენს ქვეყანას ამ ულამაზესმა კუთხემ. მრავალი საუკუნის მანძილზე, მუხლჩაუხრელი შრომა და ბრძოლა ქართლელი კაცის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო, რამაც მტკიცე ხასიათი ჩამოგიყალიბათ, ძნელბედობისადმი შეგუების უფლება არ მოგცათ და მომავალი თაობების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა ღირსეულად გატარებინათ.
12 წლის წინ, თქვენ წინაშე გამოსვლისას, მე დაგპირდით, რომ სახელმწიფო ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას შეცვლიდა და ეს დაპირება შევასრულეთ. შემოვიღეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რამდენჯერმე გავზარდეთ პენსია და სოციალური დახმარებები, ასი ათასობით ადამიანმა დაძლია სიღარიბე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ გამყოფი ხაზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას, ხორციელდება სოციალური პროგრამები დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, მათთვის შემუშავებულია და მოქმედებს რამდენჯერმე გაზრდილი სოციალური დახმარებებისა და შეღავათების პაკეტი.
2012 წელს ჩვენ ვაცხადებდით, რომ ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია და დაგპირდით, რომ ქართული სოფლის აღორძინებისთვის მილიარდიან ფონდს შევქმნიდით. ამ დაპირების შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქართული სოფლის გაძლიერებისათვის ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარი იხარჯება. შედეგად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა; შეიქმნა 420 ახალი გადამამუშავებელი საწარმო და შემნახველი ობიექტი; 23 ათას ჰექტარზე გაშენდა მრავალწლოვანი კულტურები; 70 პროცენტით გაიზარდა ვენახების ფართობები და 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავება, 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელმაც ტრადიციული ბაზრები გააქრო და ალტერნატიულიც ვერ მოიძია, ჩვენ მოვახერხეთ და ქართული პროდუქცია დავაბრუნეთ რუსეთის ბაზარზე, პარალელურად კი ახალი ბაზრებიც ავითვისეთ. დღეს ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში წარმატებით იყიდება ქართული ღვინო, ხილი და მრავალი სხვა აგრარული პროდუქტი“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.