კულტურის სამინისტრომ „პოეტური მოზაიკის“ წარდგენას უმასპინძლა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ა(ა)იპ საერთაშორისო საზოგადოება კავკასიური მოზაიკის მიერ გამოცემული თანამედროვე ქართველი და ოსი პოეტების ერთობლივი კრებულის – „პოეტური მოზაიკის“ – წარდგენა გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, მთარგმნელები, ენათმეცნიერები და დარგის სხვა სპეციალისტები ესწრებოდნენ.
კრებული მოიცავს თანამედროვე ექვსი ქართველისა და ამავე რაოდენობის ოსი პოეტის ექვს-ექვს ლექსს. წიგნის ქართველი ავტორები არიან ბესიკ ხარანაული, ნაირა ბეპიევი, გიორგი ლობჟანიძე, ნატო ინგოროყვა, ირაკლი კაკაბაძე, ნინო სადღობელაშვილი, ხოლო ოსი ავტორები: როკსალანი (მელიტონ ყაზითი), თოთრაძ ქოქაითი, ზალინა ბასითი, ბათრაძ ქასათი, სერგო ხუგათი, იგორ ბულკათი.
თანამედროვე ქართველი და ოსი ავტორების პოეტური კრებული ერთგვარ მოზაიკას ჰგავს – სხვადასხვა ფორმისა და ყაიდის ნაწილებისგან შედგენილ ერთიან ნაწარმოებს, ორნამენტებისგან შემდგარ, თანამედროვეობის მხატვრულად გააზრებულ გამოსახულებას.
კრებული 2023 წელს სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ გამარჯვებული პროექტია. დაიბეჭდა გამომცემლობა „უნივერსალში“ (ტირაჟი 200).