„შავი ბაზარი“ და ცარიელი დახლები სანქციების ქვეყანაში – საბჭოთა კავშირის „დაბრუნება“
„სუპერმარკეტებში აღარ არის პარმეზანი, ფასები ცამდეა გაზრდილი, სანქცირებული ზომები ოლიგარქებზე – პუტინის მეგობრებს დარტყმას აყენებენ“, – ეს ამონარიდია „ლა რეპუბლიკას“ სტატიიდან, რომელშიც რუსეთში სანქციების შედეგებია განხილული. მოსკოვის ისტორიული უბნის „ჩინეთ-ქალაქის მახლობლად ერთი ტიპია, რომელიც მოგყიდის ყველაფერს, რაც მოგესურვება: პარმეზანსაც და ესპანურ შემწვარ წიწილასაც. თუმცა მას წინასწარ უნდა დაურეკოთ. ფასი 2 -ჯერ მაღალი იქნება, ვიდრე ის 2 თვის წინ იქნებოდა, თუმცა კარგი საქონელი აქვს. რუსები, რომლებიც საკუთარ თავს ფრანგული ყველის, ნორვეგიული ორაგულის და ახალი იოგურტის ან არაჟნის უკრაინიდან უზარმაზარ ფასად ყიდვის უფლებას აძლევენ, ასობით „საიდუმლო“ ნომერს გადასცემენ ერთმანეთს“, – ამტკიცებს „ლა რეპუბლიკას“ კორესპონდენტი ნიკოლა ლომბარდოცი.
„თუმცა, თუ შენ საშუალო სკოლის მასწავლებელი ხარ, როგორც ოლღა დმიტრიევნაა, მხოლოდ ამოსუნთქვა დაგრჩება“, – წერს კორესპონდენტი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, „ამერიკული და ევროპული სანქციები უკვე იგრძნობა და აზარალებს, პირველ რიგში, მსხვილ ქონებას. ხელისუფლებასთან დაახლოებული ოლიგარქები ნერვიულობას და ერთმანეთთან ბრძოლას იწყებენ, რომ გადარჩნენ. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არავის სცხელა. ადრე რუსებმა იცოდნენ, რომ წინდახედულმა ხელისუფლებამ „კეთილდღეობის ფონდი“ შექმნა, რომელშიც ნავთობის გიჟური შემოსავლის სახსრები ხვდებოდა და რომელიც, კრიზისის შემთხვევაში, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის გარანტიას წარმოადგენდა. ფონდი ახლაც არსებობს, მასში დაახლოებით 80 მილიარდი ევროა, თუმცა პუტინი ამ ფულს არაპროგნოზირებადად ხარჯავს: გადასცემს მსხვილ კომპანიებს, რომლებიც სანქციების გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
გუშინ „როსნეფტმა“ მიმართა ფონდს, მისთვის დიდი თანხის მიწოდების თაობაზე და ეს თხოვნა შესრულდება, როგორც ეს იყო სანქციების ქვეშ მოხვედრილ კერძო ბანკებთან, სამხედრო საწარმოებთან და მეტალურგიულ კომპლექსებთან მიმართებაში“, – წერს სტატიის ავტორი.
ჟურნალისტის თქმით, რუსეთის მაცხოვრებლების საშუალო ხელფასი დაახლოებით 250 ევროა. რამდენიმე თვის წინ ეს ფული ადამიანებს ყოფნიდა, თუმცა დღეს, რუსული პრესის მონაცემებით, ფასები 35 %-ით გაიზარდა. 1 ლიტრი ბენზინის ფასი კი თითმის 80 ცენტია. წლის ბოლოს ეს ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. ამ დროს რუბლი საგრძნობლად ეცემა. ათასობით მოქალაქემ უკვე გამოიტანა ბანკებიდან დაგროვილი ფული და ევროზე ან დოლარზე გადაცვალა. ექსპერტების პროგნოზით, ძალიან მალე შესაძლოა, უცხო ვალუტის „შავი ბაზარი“ დაბრუნდეს, როგორც ეს საბჭოთა კავშირის და ელცინის დროს იყო. კრიზისის გამწვავებასთან ერთად პატრიოტიზმი და ნაციონალისტური ტალღა კლებულობს, – წერს ჟურნალისტი. აგვისტოში 80 %-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე უკრაინელი სეპარატისტების ბრძოლას უჭერდა მხარს, დღეს კი ასეთი აზროვნების ადამიანების რაოდენობა 40 %-მდე ჩამოვიდა.