კარპენტერი: ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გეოპოლიტიკური ორიენტაცია სურს
ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გეოპოლიტიკური ორიენტაცია სურს. მათ აქვთ შესაძლებლობა ოქტომბერში მივიდნენ საარჩევნო ყუთთან და საკუთარი აზრი გამოთქვან,- განაცხადა შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა “ამერიკის ხმასთან” საუბარში.
მისი თქმით, თუ ქვეყანას სურს, ნატოსა და ევროკავშირის წევრი იყოს, არსებული წინაპირობები უნდა შეასრულოს.
“მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვართ სხვა ქვეყნებისთვის ლექციების კითხვის პოზიციაში იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გააკეთონ, ან რა არ უნდა გააკეთონ. მსოფლიოს უამრავი ქვეყანა იმ ტრაექტორიით მიდის, რაც მას სურს. თუმცა, თუ ქვეყანას სურს, რომ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში იყოს, რაც ნატოსა და ევროკავშირის წევრობას ნიშნავს, მაშინ არსებობს წინაპირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს და ორივე ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილებაა საჭირო.
რამდენადაც თავად ქართველ ხალხს სურს, რომ მათი ქვეყანა საბოლოოდ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში იხილონ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავაკრიტიკოთ ის ნაბიჯები, რომლებიც ბოლო დროს ვნახეთ, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ტრაექტორიას.
თუმცა, საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გეოპოლიტიკური ორიენტაცია სურს. მათ აქვთ შესაძლებლობა ოქტომბერში მივიდნენ საარჩევნო ყუთთან და საკუთარი აზრი გამოთქვან”,- განაცხადა კარპენტერმა.