ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ვანო მერაბიშვილსაც დაჰკითხავენ
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ვანო მერაბიშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წარმომადგენლები დაიკითხებიან. საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ბრალდებულები, კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია არიან, პროკურატურამ მოითხოვა, რომ დაცვის მხარის დასაკითხ მოწმეთა ნუსხიდან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ამოღებული ყოფილიყო, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი , გოკა გაბაშვილი, გიორგი ბარამიძე, მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი პროცესზე დაიკითხებიან.
კობა ხარშილაძის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, აღნიშნული პირები: ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი, გიორგი ბარამიძე და მიხეილ მაჭავარიანი საქმესთან კავშირში არიან. მისი თქმით, ისინი ადასტურებენ, რომ კობა ხარშილაძე არა გულგრილად, არამედ მორალურად მოიქცა.
„იქიდან გამომდინარე, რომ ზურაბ ჟვანიას ჰქონდა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ხშირად ითხოვდა მასთან დაცვის ერთ-ერთი წარმომადგენლის დატოვებას”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.