თბილისის საარქივო ფილმების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17-20 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების მე-3 საერთაშორისო ფესტივალს გამართავს. ეროვნული არქივის ინფორმაციით, ნაჩვენები იქნება 14 ქვეყნის კინოინსტიტუციის პროგრამა.
2024 წლის ფესტივალის თემაზე „კინო – ისტორიის მემატიანე“ ქართველ მაყურებელს საკუთარ ფონდებში დაცულ ფილმებს წარუდგენენ: აშშ-ის, ჩეხეთის, მალტის, ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ხორვატიის, პოლონეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, პერუს, მოლდოვას კინოსაარქივო ორგანიზაციები.
„კინოფესტივალი 2024 წლის 17 სექტემბერს, 19:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიხსნება გიორგი შენგელიას ფილმით – „ალავერდობა“ (1962 წელი), რომლის ცენზურამდელი ვერსია ეროვნულ არქივს რამდენიმე თვის წინ გადაეცა. პირვანდელი სახით ფილმი შემონახულია კინოფირზე, რომელიც რეჟისორის ოჯახში ინახებოდა.
კინოფესტივალი დაიხურება ქართული პროგრამის მეორე ფილმით, ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხლით“ (1975 წელი). ფილმს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი წარადგენს. ჩვენება მსახიობ დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.
წლევანდელი კინოფესტივალის სიახლე იქნება პანელური დისკუსია, რომელზედაც სხვადასხვა ქვეყნის კინოინსტიტუციების წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებასა და შეხედულებებს კინოარქივების მნიშვნელობასა და ამ სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ. დისკუსიის თემაა: კინო, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ეროვნული იდენტობა და სოციალური კონტექსტი.
საქართველოს ეროვნულმა არქივმა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022 წელს დააფუძნა.
დასწრება თავისუფალია, ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით“, – ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები