ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს
ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის ყოფილი უფროსი მიხეილ ძაძამია წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მან აღნიშნა, რომ სტიქაროსანია, პატიოსნად ცხოვრობს და გულგრილობა არასოდეს ჩაუდენია.
“ასეთ სიტუაციაში პირველად ვარ. მინდა ვთქვა, რომ 2008 წელს ომში ვიყავი, ფეხი ვიტკინე, თუმცა ბიჭები არ მიმიტოვებია, ბოლომდე დავრჩი. მინდოდა სასამართლოში ბიჭებს ეს დაედასტურებინათ. ბოლო პერიოდში გიორგი ფარესიშვილის დაცვაში ვმუშაობდი და ის იტყოდა, ვარ თუ არა გულგრილი”, – განაცხადა ძაძამიამ.
ძაძამიას ადვოკატმა მოწმეთა ნუსხაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლები და მეგობრები წარადგინა, რომელთა შორის არის ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი, პროკურატურამ მათი დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. მოსამართლემ ნაწილობრივ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ფარესიშვილი მოწმეთა ნუსხიდან ამოიღეს იმ მოტივით, რომ იგი სასამართლოს დარბაზში იმყოფებოდა, რაც მოწმეს ეკრძალება. ძაძამიას სხვა თანამშრომლები კი მოსამართლის გადაწყვეტილებით დასაკითხ მოწმეთა სიაში დარჩნენ.