ზაქარეიშვილი: რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის თანამშრომლობა მეტად ვეღარ გააქტიურდება
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის თანამშრომლობა მეტად ვეღარ გააქტიურდება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
“უკვე დიდი ხანია რუსეთმა მაქსიმალურად აითვისა აფხაზეთი. ოკუპაცია ზუსტად ამას ნიშნავს. რუსეთი ახორციელებს იმ პოლიტიკას, რასაც საჭიროდ თვლის, გარდა სიტყვების გადაადგილებისა წინადადებაში, სხვანაირად მათ არ შეუძლიათ უფრო მეტი ჩართულობა განახორციელონ აფხაზეთში”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
გარდა ამისა, ზაქარეიშვილის თქმით, ენგურზე ადმინისტრაციული საზღვარის ჩაიკეტვის, ხოლო ფსოუზე რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთის გაიხსნის იდეა წლებია არსებობს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ვერ ხორციელდება.
“პირველი წელი არ არის, რაც ამაზე საუბარი მიდის, მაგრამ აშკარად რაღაც წინააღმდეგობებს აწყდება ამ პროექტის განხორციელება. ჩვენ ვიცით, რა წინააღმდეგობაა ეს და ამიტომ ველოდებით, აბა, როგორ გადალახავენ იმ წინააღმდეგობას, რის გამოც, ისინი მუდმივად ლაპარაკობენ და, საბედნიეროდ, ვერ ახერხებენ გადალახვას”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა წინააღმდეგობაში. პაატა ზაქარეიშვილი ასევე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასთვის მილოცვას და აღნიშნა, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ულოცავს აფხაზეთის არაღიარებულ ლიდერს და ამით ვითომდა გარკვეული ურთიერთობების ილუზიას ქმნის.