“ხალხმა იცის, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში, ქვეყანაში ომი არ მოხდება!” – ღარიბაშვილი

“დღეს, 12 წლის შემდეგ ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, როგორ ჩაგრავდა ჩვენს ხალხს ბოროტი ძალა, არ არსებობდა თავისუფლება, გამეფებული იყო გახსოვთ შიში, ტერორი, უსამართლობა, არ არსებობდა თავისუფალი მედია, ბიზნესი მუდმივი რეკეტისა და ტერორის ქვეშ იმყოფებოდა, მხოლოდ მჩაგვრელი მმართველი ელიტა ცხოვრობდა კარგად”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, სამცხე-ჯავახეთში ისაუბრა.

“გახსოვთ თქვენ, მხოლოდ ისინი გადაადგილდებოდნენ თავისუფლად, ხალხისთვის კი დაკეტილი იყო რა თქმა უნდა, საზღვრები, დაკეტილი იყო სავაჭრო ბაზრებიც, იყო სრული ნიჰილიზმი და გაურკვევლობა. 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან რამდენიმე წელში ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა გუნდმა – „ქართულმა ოცნებამ” ქვეყანას მოუტანა უამრავი ხელშესახები პროგრესი ყველა სფეროში, ბიუჯეტი და ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა, უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან შეიქმნა 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, გაიხსნა ქვეყნის საზღვრები, ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროპაში, ჩინეთში, რუსეთში, გავხსენით უზარმაზარი სავაჭრო ბაზრები, ევროკავშირის ბაზარი, სადაც ჩვენს ხალხს შეუძლია ყოველგვარი გადასახადების გარეშე შეიტანონ და გაყიდონ წარმოებული პროდუქცია, გავხსენით უზარმაზარი ჩინეთის ბაზარი, რუსეთის ბაზარი, დღეს სრული თავისუფლება აქვს ხალხს, როგორც გადაადგილების, ისე ვაჭრობის, მეწარმეობის, საკუთარი ნიჭისა რეალიზების და ქვეყანა, მეგობრებო, 12 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო. ამ დროს იზრდება და ვითარდება ყველა სექტორი, რაც მთავარია ქვეყანაში დაისადგურა უპრეცედენტო უწყვეტმა მშვიდობამ, და დღეს ხალხმა იცის რომ ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პირობებშიც ქვეყანა და ხალხი დაცულია ყველაზე დიდი უბედურებისგან – ომისგან და ხალხმა იცის, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში, ქვეყანაში ომი არ მოხდება!”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები