თეა წულუკიანი საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩს დაესწრო

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების პირველი მატჩი გამართა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჩეხებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.

საქართველო-ჩეხეთის მატჩს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის მერი კახი კალაძე, მთავრობის წევრები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

ანგარიში 33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტად შესრულებული პენალტით გაიხსნა. შეხვედრის პირველი ნახევარი ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ, ანგარიშით 1:0, დასრულდა.

მეორე ტაიმში საქართველო 53-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ დააწინაურა, 63-ე წუთზე ეროვნული ნაკრების უპირატესობა სამ ბურთამდე გიორგი მიქაუტაძემ გაზარდა, ხოლო ჩეხების კარში მეოთხე ბურთი 66-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა; მე-80 წუთზე კი ჩეხებიდან ერთი ბურთი ლუკაშ კალვახმა გააბათილა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყებამდე ქართველ გულშემატკივარს პარიზის ოლიმპიადისა და პარალიმპიური თამაშების მედალოსნებმა მოპოვებული ჯილდოები წარუდგინეს. ალექსანდრე იაშვილმა კი გიორგი მიქაუტაძეს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირის ჯილდო გადასცა.

საქართველოს ნაკრები ჩეხეთს პირველად 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე შეხვდა – ივნისში გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „ევრო 2024“-ის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად იასპარეზა და მერვედფინალში გასვლა შეძლო.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში პირველად ასპარეზობს. B1 ჯგუფში „ჯვაროსნები“ ალბანეთთან, უკრაინასა და ჩეხეთთან ერთად იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 10 სექტემბერს ალბანეთთან გამართავს.

ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები