დღეს ცნობილი ქართველი კინოოპერატორი გიორგი (გია) გერსამია 85 წლის გახდა

დღეს ცნობილი ქართველი კინოოპერატორი  გიორგი (გია) გერსამია 85 წლის გახდა.
კულტურის სამინისტრო ულოცავს გია გერსამიას იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას და შემოქმედებით წარმატებებს.
გია გერსამია 7 სექტემბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი . 1962 წლიდან დამდგმელი ოპერატორად მუშაობს კარგად კინოსტუდია ,,ქართულ ფილმში”. ამავე წელს გადაიღო მიხეილ კობახიძის  სადიპლომო ფილმი „კარუსელი”.
1965 წელს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გადაღებული ფილმით („მიხა“) საფუძველი ჩაეყარა მის ხანგრძლივ თანამშრომლობას კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან და იგი რეჟისორის არაერთი მხატვრული ფილმის – „დიდი მწვანე ველი“ (1967), „გზა მშვიდობისა, ჯაყო!“ (1973), „მწვერვალი“ (1976), „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (1981) – დამდგმელი ოპერატორია.
გია გერსამიას ნამუშევრებს შორისაა, აგრეთვე, ელდარ შენგელაიას – „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968), ლიანა ელიავას – „გზის დასაწყისი“ (1982), მიხეილ ჭიაურელი უმცროსის – „ჭიდაობას რა უნდა“ (1986), ბიძინა ჩხეიძის ფილმები: „რივარესი“ (1987), „ზმანებანი აღლუმებს შორის“ (1989) და „გრანტუსი“ ( 1994), ასევე, მერაბ თავაძის – „ხვეული კიბით“ (გ. ბერიძესთან ერთად, 2001 წელს – საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი გამოსახულებისთვის), რეზო ესაძის – „ჭერი, ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“ (1992-2003 წლები, ლევან პაატაშვილთან და დავით გუჯაბიძესთან ერთად), დავით ჯანელიძის – „მეიდანი -სამყაროს ჭიპი“ (დოკუმენტური, 2004), ირაკლი შავლიაშვილის – „მონეტა“ (2005), დავით ჯანელიძის – „ჯაყოს ხიზნები“ (2009) და სხვ.
გადაიღო სხვა ფილმებიც: „ახალგაზრდა სიყვარული“ (1961, მ. კობახიძე), „კაპიტნები“ (1974 – გივი რაჭველიშვილთან ერთად, რეჟისორი – თ. გომელაური), „დაუვიწყარი დღე“ (1977, თ. მაღალაშვილი), „მგლის ლეკვები“ (ალმანახიდან „როცა დიდები შინ არ არიან“) (1978, თ. მაღალაშვილი), „ღამის ილუზია“ (1985, მ. ხონელიძე), „მე, პელეს ნათლია!“ (1991, მ. ჭიაურელი უმცროსი), „მორევი“ (1996, რ. გიორგობიანი), „ღმერთო, რისი გულისთვის!“ (2003, გ. ლორთქიფანიძე), „ჯერ შეიცადეთ {„ოტელო“ ქუთაისში}“ (2003, პ. მილორავა), „ზღვის დონიდან“ (2004, გ. ოვაშვილი) და ა. შ.
გია გერსამია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია, აქ იგი წლების განმავლობაში ასწავლიდა საოპერატორო ხელოვნებას.
1968 წლიდან დღემდე არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი (დღესდღეობით საქართველოს კინოაკადემია). 1988 წლიდან არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1989 წელს მიენიჭა უმაღლესი კატეგორიის კინოოპერატორის წოდება; ხოლო 1999 წელს გახდა ღირსების ორდენის კავალერი – ქართული კინოსაოპერატორო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები