პაპუაშვილი – კეზერაშვილზე: შეგიძლიათ ევროკავშირს ჰკითხოთ, რატომ აფარებს თავს და თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირში კრიმინალი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში შავი ფულით ერევა
“შეგიძლიათ ევროკავშირს ჰკითხოთ, რატომ აფარებს თავს და თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირში კრიმინალი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში შავი ფულით ერევა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კეზერაშვილი ქართულ მართლმსაჯულებასაა გაქცეული.
„საქართველოში მსჯავრდებული დავით კეზერაშვილი, რომელსაც 6 წელი აქვს მოსახდელი საქართველოში, 5 მილიონი ევროს მოპარვისთვის თავს აფარებს ევროკავშირს. ასე რომ ყველა კითხვა მიემართება ევროკავშირისკენ და შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ, რატომ აფარებს თავს და თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირში კრიმინალი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში შავი ფულით ერევა. რა კავშირი აქვს ამას ევროპულ ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასთან ან სხვა რაიმე პრინციპთან, რომელზეც მაღალი ტრიბუნიდან გვესაუბრებიან ხოლმე ჩვენ. რატომ უქმნის ევროკავშირის ტერიტორია თავისუფლებას კრიმინალს, რომელიც თავად ევროკავშირის ქვეყნების პენსიონერებს ძარცვავს. ამაზე ცოტა ხომ უნდა დაფიქრდნენ, თავი დავანებოთ იმას, რომ ქართულ მართლმსაჯულებასაა გაქცეული ეს ადამიანი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დისშვილის საბანკო ანგარიშებზე. უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება.