დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, დაშავდა 40 ადამიანი
რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ერთი ადამიანი და დაშავდა 40, მათ შორის სამი ბავშვი, – ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ.
ოლქის გუბერნატორის თქმით, დაშავებულთა შორის 11 და 4 წლის ბიჭები და 9 წლის გოგონა არიან. საავადმყოფოში გადაყვანილი ორი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა.
ქალაქ პავლოგრადში რამდენიმე დარტყმა დაფიქსირდა, ხანძარი კი მაღალსართულიან კორპუსში მდებარე ბინას გაუჩნდა. გუბერნატორის თქმით, ხანძარი ლიკვიდირებულია და სასწრაფო დახმარების სამსახურებმა ხუთი ადამიანი გადაარჩინეს.
დნეპროპეტროვსკის ოლქი უკრაინაში რუსული რაკეტების, თვითმფრინავების და საარტილერიო დარტყმების რეგულარული სამიზნეა.