ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის 27 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
6 სექტემბრის ღამეს, რუსებმა უკრაინას 1 Kh-59 მართვადი რაკეტით, 1 Kh-31P სარადარო რაკეტით და ასევე 44 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინელებმა ჩამოაგდეს 27 დრონი, ხოლო 8 დაიკარგა.
“საზენიტო ბრძოლის შედეგად, უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა 8 უპილოტო თვითმფრინავი. ერთი უპილოტო საფრენი აპარატი დაბრუნდა ოკუპირებული დონეცკის მიმართულებით. ჩრდილოეთის საჰაერო სივრცეში კიდევ რამდენიმე საჰაერო სამიზნე დაფიქსირდა”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ძალები, ელექტრონული ომის დანაყოფები და უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.
საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა კიევის, კიროვოგრადის, ვინიცას, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ხერსონის, პოლტავას, ჩერნიგოვის, ხარკოვის, ლვოვის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და სუმის რეგიონებში.