ჩინეთი აფრიკას 45,8 მილიარდი ევროს გამოყოფას დაჰპირდა
პეკინი აპირებს აფრიკის ქვეყნებისთვის 45,8 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციების გამოყოფას, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პეკინში ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში განაცხადა.
გეგმის მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 26,7 მილიარდი ევრო სესხების სახით გაიცემა, კიდევ 10,1 მილიარდი ევრო – სხვადასხვა სახის დახმარების სახით, ხოლო დამატებით 8,9 მილიარდ ევროს რეგიონში ჩინური კომპანიები დააბანდებენ.
სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი აპირებს, ჩაატაროს ერთობლივი სამხედრო წვრთნები აფრიკის ქვეყნებთან, განავითაროს „მწვანე“ ენერგეტიკის პროექტები და აფრიკაში გაგზავნოს სამედიცინო პერსონალი.
ამასთან ერთად, პეკინს განზრახული აქვს, გახსნას ჩინური ბაზარი აფრიკის ქვეყნებისთვის და მომავალში მათთან ვაჭრობა საბაჟო გადასახადების გარეშე აწარმოოს.
ფორუმზე გამოსვლისას, სი ძინპინმა გააკრიტიკა დასავლეთის როლი აფრიკის განვითარებაში.