ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დასრულებულია არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების უშუალო მონაწილეობით კარიბჭე-სამრეკლოზე ანტისეისმური სარტყლის მონტაჟი.
ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გუმბათიდან დაზიანებული თუნუქის საბურვლის მოხსნა.
„გრძელდება საეპისკოპოსო სახლში კრამიტის საბურველის მოწყობა, კიბის კონსტრუქციის აღდგენა და წყლის გადამყვანი სისტემის მოწესრიგება.
ადგილის დათვალიერების შემდეგ სპეციალისტებმა შეიმუშავეს როგორც უშუალოდ ალავერდის საკათედრო ტაძრის, ასევე კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე ჯვრების ჩამაგრების მეთოდოლოგია და უახლოეს მომავალში დაგეგმილია კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე ჯვრის აღმართვის ცერემონია.
ინფორმაციისთვის: 25 ივნისის სტიქიის შედეგად ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი გადახდილია, ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით სასწრაფოდ დაიწყო და გრძელდება ტაძრის ირგვლივ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ სრულფასოვნად მუშაობა.
ალავერდში 4 500 კვ. მ ხარაჩოს მასალა გაიგზავნა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად ალავერდში ჩავიდა და სტიქიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას გაეცნო.
7 ივლისს სტიქიის შედეგად დაზიანებულ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებულ ვითარებას გაეცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მთავრობის მეთაურს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა”, – წერია ინფორმაციაში.