ხელოვნების მუზეუმისა და ეროვნული გალერეის ფონდებში დაბრუნებული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

5 სექტემბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ხელოვნების მუზეუმისა და ეროვნული გალერეის ფონდებში დაბრუნებული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით,  2021-2023 წლებში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და ეროვნული გალერეის ფონდებში დაბრუნებული ნამუშევრების გამოფენა 5 სექტემბერს გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ხელოვნების მუზეუმსა და გალერეას 2021 წლის მაისიდან კულტურისა და სპორტის მინისტრის – თეა წულუკიანის მიერ წამოწყებული მიზანმიმართული პროცესის შედეგად დაუბრუნდა და მათ წლების შემდეგ პირველად იხილავს დამთვალიერებელი.
სამუზეუმო ფონდებში დაბრუნდა სერგო ქობულაძის, ელენე ახვლედიანის, ედმონდ კალანდაძის, დიმიტრი ხახუტაშვილის, გურამ (ხიტა) ქუთათელაძის, გივი თოიძის, ირაკლი სუთიძის, ლევან ლაღიძის, ზაზა ბერძენიშვილის, ზაურ გოლავას, თამაზ კაკაბაძის, რუსუდან ფეტვიაშვილის, თემო ჯაფარიძის, ოთარ სულავას, მედეა ბაქრაძის, ვაჟა მელიქიშვილის, ნოდარ თოფურიას, სიმონ გირკელიძის, ნელი ალექსიძის, თენგიზ ცხონდიას, ომარ კაჭკაჭიშვილის, გურამ ნავროზაშვილის, გრიგოლ ჩირინაშვილის, შოთა ლეჟავას, ზაურ დეისაძის, კოტე ჭანკვეტაძისა და გელა მანჯავიძის ნამუშევრები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია 2021 წელს რუსეთის ფედერაციის სამხატვრო აკადემიიდან დაბრუნებული ნახატები, რომლებიც ამ ორგანიზაციას დროებითი გამოფენისთვის 2003 წელს გადაეცა. ეს არის გრიგორი გაგარინის, ლევ ლაგორიოს, კარლ ჟუკოვსკის, ევგენი ლანსერესა და ბორის ფოგელის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, რომლებსაც საქართველოსათვის უდიდესი ისტორიულ-ეთნოგრაფიული და მხატვრული მნიშვნელობა აქვს.
დაბრუნებულ ნამუშევრებს შორის არის რუსული აკადემიური სკოლის წარმომადგენელი უცნობი მხატვრის მიერ XVIII საუკუნის მიწურულს შექმნილი ნატურმორტი, რომელიც ხელოვნების მუზეუმმა 1930-იან წლებში შეიძინა, როგორც ჟან ბატისტ სიმეონ შარდენის ფერწერული ნამუშევარი. ნახატი 1994 წელს ხელოვნების მუზეუმზე ყაჩაღური თავდასხმისას გაიტაცეს და მისი დაბრუნება მხოლოდ 2023 წელს მოხერხდა.
ამ ექსპონატთა ნაწილი სხვადასხვა დროს საქართველოს დიპლომატიურ მისიებსა და სამინისტროებში იყო გატანილი, ნაწილი კი XX საუკუნის 80-90-იან წლებში ხელწერილების საფუძველზე თავად ავტორებმა გაიტანეს მუზეუმებიდან დროებითი გამოფენებისთვის თუ სხვა მიზეზებით.
მუზეუმებიდან ექსპონატების ალტერნატიულ სივრცეებში გატანა დროებითი გამოფენის გამართვის ან სხვა მიზნით დასაშვებია, თუკი ეს მიზნად ისახავს ეროვნული ხელოვნებისა და კულტურის წარმოჩენას, დაინტერესებული მხარეებისთვის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას, თუმცა ზემოხსენებული ნამუშევრების მუზეუმებიდან გატანის ვადები დარღვეული იყო და მათ მოსაძებნად და მდგომარეობის შესასწავლად მუზეუმებს მონიტორინგი არასდროს განუხორციელებიათ. სამუზეუმო სივრციდან 1993-2010 წლებში გატანილი არაერთი ექსპონატის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია და ისინი, სამწუხაროდ, დაკარგულად ითვლება.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები დაბრუნებული კოლექციების მხოლოდ ნაწილია.

გამოფენა 15 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები