კონგრესში ბლინკენს ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის საკითხზე ჩვენების მისაცემად იბარებენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2021 წლის აგვისტოში ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ ჩვენების მისაცემად დაიბარა,- ამის შესახებ “როიტერი” იტყობინება.

როგორც სააგენტო წერს, კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ მაკკოლის წერილში ნათქვამია, რომ ბლინკენი, რომელმაც მანამდე უარი თქვა კომიტეტის წინაშე გამოსვლაზე, უნდა გამოცხადდეს 19 სექტემბრის სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კონგრესის უპატივცემულობის ბრალდებას წაუყენებენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ბლინკენს კომიტეტის მიერ შეთავაზებულ თარიღებში ჩვენების მიცემა ჯერჯერობით არ შეუძლია.

„იმედგამაცრუებელია, რომ დეპარტამენტთან კეთილსინდისიერი თანამშრომლობის გაგრძელების ნაცვლად, კომიტეტმა კიდევ ერთი არასაჭირო უწყება გასცა“, – განაცხადა მილერმა.

მან აღნიშნა, რომ ბლინკენმა კონგრესში ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ ჩვენება 14-ჯერ მისცა, მათ შორის, ოთხჯერ იმ კომიტეტის წინაშე, რომელსაც მაკკოლი ხელმძღვანელობს.

„როიტერის“ ცნობით, მაკკოლმა ბლინკენი კონგრესში 2024 წლის მაისში მიიწვია. ბლინკენისადმი მიწერილ წერილში კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედმა და ყოფილმა თანამდებობის პირებმა დაადასტურეს, რომ ავღანეთიდან გასვლისა და ევაკუაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებებს სახელმწიფო მდივანი იღებდა.

ცნობისთვის, აშშ-მა ავღანეთში ჯარი ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის დრო შეიყვანა. 2021 წლის აპრილში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები