წელს ვენესუელა შობას 1 ოქტომბერს აღნიშნავს
2024 წელს ქვეყანაში შობა არა 25 დეკემბერს, არამედ 1 ოქტომბერს აღინიშნება,- ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა.
“ახლა სექტემბერია და უკვე ვგრძნობ შობის მოახლოებას. ამიტომ წელს, პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, ვაპირებ გამოვცე განკარგულება შობის 1 ოქტომბერს აღნიშვნის შესახებ“,- განაცხადა მადურომ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მადურო შობის თარიღს ცვლის. 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს მან ამ დღესასწაულის აღნიშვნა 15 ოქტომბერს გადაწყვიტა, ერთი წლით ადრე კი – 4 ოქტომბერს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება აღიქმება, როგორც ყურადღების გადატანის მცდელობა იმ არეულობისგან, რომელიც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არის.
ინფორმაციისთვის, ვენესუელის საარჩევნო ორგანომ ივლისში გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, თუმცა ოპოზიციის განცხადებით, ხმის მიცემის შედეგები აჩვენებს, რომ არჩევნებში ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა. ამ ყველაფერს ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.