“არჩევნებამდე 1 თვით ადრე მივიღებთ დაზუსტებულ ინფორმაციას კონკრეტულ ქვეყნებში შესაბამისი რაოდენობის საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების შესახებ” – გიორგი კალანდარიშვილი
“არჩევნებამდე 1 თვით ადრე მივიღებთ დაზუსტებულ ინფორმაციას კონკრეტულ ქვეყნებში შესაბამისი რაოდენობის საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების შესახებ, რაც იქნება საფუძველი საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში” განაცხადა.
“გვესმის ჩვენი თანამემამულეების მხრიდან გარკვეული მოთხოვნები დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებით. შევახსენებ ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომელიც უცხოეთში იმყოფება, რომ არ მოყვნენ არასწორი ინფორმაციის გავლენის ქვეშ. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ, რაც გულისხმობს დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნას და არჩევნებში მონაწილეობას.
დანაწესი გულისხმობს, რომ უცხოეთში საარჩევნო უბანი იქმნება დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ეს იქნება საელჩო, თუ საკონსულო და იქ შეიქმნება შესაბამისი საარჩევნო უბანი, რომელიც დამოკიდებული იქნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების ზღვარზე. ეს ზღვარი არის არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000. ორი მოცემულობაა, რომ პირმა არჩევნებში მონაწილეობა შეძლოს – საკონსულო აღრიცხვა, ან საარჩევნო უბნების შექმნის შემდგომ საარჩევნო რეგისტრაციის მოთხოვნის მიზნით შესაბამისი განცხადების წარდგენა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილ საარჩევნო უბნებში. ეს არის დანაწესი და არათუ ჩვენს შემთხვევაში, უმეტეს ევროპულ ქვეყნებშიც.
როდესაც საარჩევნო უბნები იქმნება უცხოეთში, ის ძირითადად იქმნება დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. იშვიათი, თითზე ჩამოსათვლელი გამონაკლისების გარდა. ყოველდღიურად შემოდის ასეთი ტიპის განცხადებები, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რის გამოც გვიწევს უარის თქმა. ასეთ დროს კი სხვაგვარად ხდება ხოლმე ამ პროცესის წარმოჩენა და ისევ და ისევ მადისკრედიტირებელი განცხადებების საფუძველი ხდება”, – განმარტა კალანდარიშვილმა.