რუმინეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა “პატრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა

დღეს, რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატამ, დაამტკიცა კანონპროექტი „პატრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა უნდა მოაწეროს, რათა ის ძალაში შევიდეს. გადაცემა განხორციელდება იმ პირობით, რომ სისტემა მოკავშირეების მიერ ანალოგიურით ჩანაცვლდება.

დოკუმენტი ითვალისწინებს აშშ-ში შეძენილი შვიდი პატრიოტის კომპლექსიდან ერთ-ერთის უკრაინისთვის გადაცემას. ახალი სისტემის შესყიდვის ხარჯებს უკრაინისთვის გამოყოფილი საერთაშორისო სახსრები დაფარავს. ასევე, აშშ-ის “პატრიოტის” სისტემის შეცვლა არ უნდა ღირდეს იმაზე მეტი, ვიდრე მანამდე რუმინეთმა გადაიხადა.

მთლიანობაში, ნატოში კიევის მოკავშირეები უკრაინას შვიდ საჰაერო თავდაცვის სისტემას დაჰპირდნენ, თუმცა, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ აღნიშნა, ზოგიერთი დაპირებული “პატრიოტის” სისტემა ჭიანურდება .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები