ვაშინგტონში თეა წულუკიანმა რამდენიმე შეხვედრა გამართა

ვაშინგტონში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და მისი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძის ვიზიტი მიმდინარეობს.
სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, დელეგაცია “ფრიდომ ჰაუსს” ეწვია, სადაც ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.
თეა წულუკიანის განცხადებით, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს.
ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ყველაზე წარმატებულ რეფორმებად მინისტრის მიერ მართლმსაჯულების, სასჯელაღსრულების და საარჩევნო სფეროებში გატარებული რეფორმები დასახელდა.
“ფრიდომ ჰაუსთან” საუბარში ყურადღება დაეთმო მომავლის საკითხებსაც, მათ შორის, პირადი ცხოვრების დაცულობის მხრივ გასატარებელ რეფორმას.
შეხვედრა გაიმართა, ასევე, დემოკრატიის ნაციონალური ფონდის, USAD-ის ევროპისა და აზიის ბიუროს ხელმძღვანელებთან.
იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე -პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამართლის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
თეა წულუკიანი აშშ-ის გენერალური პროკურორის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. ხვალ, ქართული დელეგაცია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებს ეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები