ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ იემენის ჰუსიტები წითელ ზღვაში ნავთობის ორ ტანკერს თავს დაესხნენ

იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები (ჰუთები) წითელ ზღვაში თავს დაესხნენ ორ ნავთობტანკერს,- ამის შესახებ აშშ-ს სამხედროებზე დაყრდნობით, Reuters-ი იუწყება.

მეამბოხეები თავს დაესხნენ ნავთობის ორ ტანკერს – საუდის არაბეთის დროშის ქვეშ მყოფ Amjad-ს და პანამის დროშის ქვეშ მყოფ Blue Lagoon-ს.

ორშაბათს ჰუთებმა ლურჯ ლაგუნაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს, თუმცა საუდის არაბეთის ტანკერი არ უხსენებიათ.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ჰუთებმა ორ ტანკერს ორი ბალისტიკური რაკეტით და ცალმხრივი თავდასხმის უეკიპაჟის საჰაერო სისტემით შეუტიეს.

“ორივე ხომალდი დატვირთული იყო ნედლი ნავთობით, Amjad-ს დაახლოებით ორი მილიონი ბარელი ნავთობი გადაჰქონდა”,- ნათქვამია აშშ-ის სამხედრო სარდლობის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, წითელ ზღვაში გემებს დრონებით და რაკეტებით თავს ესხმის 2023 წლის ნოემბრიდან, ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის დაწყების შემდეგ.

ჰუთები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმები გაგრძელდება, სანამ ისრაელი ომს არ შეწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები