რუსეთმა ზაპოროჟიესა და დნეპრზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა – არის მსხვერპლი
ღამით რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. დაიღუპა ორი ადგილობრივი მცხოვრები – 38 წლის ქალი და რვა წლის ბიჭი, – ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა განაცხადა.
“აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა მიმდებარე მრავალსართულიანი შენობები დააზიანა”,- განაცხადა ფედოროვმა.
მისივე თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის 11 დასახლებულ პუნქტზე 313 დარტყმა მიიტანეს, ხოლო საცხოვრებელი კორპუსებისა და ინფრასტრუქტურის დანგრევის შესახებ 38 შეტყობინება დაფიქსირდა.
დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა ისაუბრა დნეპრზე სარაკეტო დარტყმის შედეგებზე და აღნიშნა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი დაშავდა, ხოლო ერთი მათგანი საავადმყოფოში რჩება.
“საჰაერო თავდაცვის სისტემები ამ ღამით მოქმედებდნენ კიევის, ოდესის, ხარკოვის, ნიკოლაევის, ხერსონის, პოლტავას, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებში”,- განაცხადეს უკრაინელმა სამხედროებმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ზაპოროჟიესა და დნეპრზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.