ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ახალ შემადგენლობაში გაფართოების საკითხებში კომისრის ცალკე თანამდებობა შეიქმნება. ამის შესახებ მან სლოვენიაში გამართულ სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ გვსურს ძლიერი, კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო ევროპა, რომელიც მოიცავს დასავლეთ ბალკანეთს, ასევე უკრაინასა და მოლდოვას ჩვენს ევროკავშირში, და ყველას, ვისი ევროპული მისწრაფებებიც შეესაბამება მათ ქმედებებს“, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი „დემოკრატიების საზოგადოებაა“ და შესაბამისად, ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანებას ცდილობენ, საჭირო რეფორმების გატარება მოუწევთ.
„მსურს, ჩვენი მუშაობა გაფართოების მიმართულებით კიდევ უფრო დაჩქარდეს. კომისიის მომავალ შემადგენლობაში გაფართოება მუდმივ სამუშაოდ უნდა იქცეს. სწორედ ამიტომ, გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ. მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია“, – დასძინა ფონ დერ ლაიენმა.