პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

3-5 ოქტომბერს, ჟენევაში, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს. დელეგაციას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: ზურაბ აბაშიძე, გიორგი წერეთელი, ლევან ბეჟაშვილი. ასამბლეა საშემოდგომო სხდომის ფორმატში შეიკრიბება და განიხილავს საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ეუთოს სამივე (პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ) განზომილებასთან. ღონისძიების სახელწოდებაა “უსაფრთხოების ახალი გამოწვევები – პარლამენტების როლი”. შვეიცარია, როგორც 2014 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, არჩეულ იქნა ასამბლეის შეხვედრის ადგილად. მონაწილეებს პლენარულ სესიაზე სიტყვით მიმართავენ შვეიცარიის შტატების საბჭოს (პარლამენტის ერთ-ერთი პალატის) სპიკერი ჰანს ჯერმანი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე ბურკჰალტერი. საქართველოს დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ილკა კანერვასთან, ასამბლეის გენერალურ მდივანთან სპენსერ ოლივერთან და ეუთოს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერისთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები