იენს სტოლტენბერგი: უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს და ეს უფლება მის საზღვარზე არ მთავრდება
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის შეჭრა რუსეთში, კურსკის ოლქში, კანონიერია და კიევის თავდაცვის უფლების ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Reuters ავრცელებს.
ეს არის იენს სტოლტენბერგის პირველი კომენტარი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დაწყებული შეტევის შესახებ.
„უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ეს უფლება საზღვარზე არ მთავრდება“, – აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ NATO-ს ხელმძღვანელობას წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია უკრაინის გეგმების შესახებ და მათში არანაირი როლი არ უთამაშია. მანამდე ანალოგიური განცხადებები სხვა დასავლელმა პოლიტიკოსებმაც გააკეთეს.