რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთსა და ყირიმში 18 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ბრიანსკის, კალუგის, ბელგოროდის ოლქებსა და ყირიმში 18 დრონი ჩამოაგდეს.
მათივე ცნობით, 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, 4 – კალუგის ოლქის თავზე, ერთი ბელგოროდის ოლქის თავზე და 2 უპილოტო საფრენი აპარატი დროებით ოკუპირებულ ყირიმში ჩამოაგდეს.
„წუხელ აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 18 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, – აცხადებენ სამინისტროში.
კალუგის ოლქის გუბერნატორმა ვლადისლავ შაფშამ არ დააკონკრეტა ინფორმაცია ადგილზე შედეგების შესახებ. მისი თქმით, ადგილზე სპეცრაზმი მუშაობს.