რუსულ-აფხაზური ინტეგრაცია – რას ფიქრობს აფხაზი ექსპერტი

რუსულ-აფხაზური ინტეგრაცია, როგორც აფხაზური ეკონომიკის განვითარების ფაქტორი, – ამ სათაურით დე ფაქტო აფხაზეთის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანის ბესლან ბარათელიას გამოსვლას აფხაზეთის ეგრედ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა აქვეყნებს. ხინთბა ბარათელიას გამოსვლის სტენოგრამას საკუთარი ფეისბუქ გვერდის საშუალებით ავრცელებს.
„კვირა“ ამ გამოსვლის თარგმანს გთავაზობთ: ბესლან ბარათელია: რუსეთის კოლოსალური დახმარების მიუხედავად, პენსიები აფხაზეთში 10 წელია არ გაზრდილა, საქართველოსთან კვლავ კონფლიქტია აფხაზური ეკონომიკის განვითარება და რუსეთთან ურთიერთობების გაღვივება, – ის ძირითადი თემები იყო, რომელზეც აფხაზეთის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანმა ბესლან ბარათელიამ ისაუბრა „მრგვალ მაგიდასთან“: „რუსულ-აფხაზური ურთიერთობები: ინტეგრაციის ახალი დონის კონტურები“. ბარათელიას თქმით, ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობა აფხაზეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს ეკონომიკური განვითარების საშუალებაა.
„ამის გარეშე ცხოვრების დონეს აფხაზეთში ვერ ავწევთ. აფხაზეთის ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკაში შესაძლებელია, მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობის საშუალებით, რადგან ჩვენ დღემდე საქართველოსთან კონფლიქტის მდგომარეობაში ვართ და მეორე – ის, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ აღიარებულები მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობის მიერ“, – აღნიშნა დეკანმა.
ბარათელიას თქმით, აფხაზეთში ჩასული ტურისტების 96 % რუსეთის მოქალაქეები არიან. სოფლის მეურნეობის, ღვინის ექსპორტის უდიდესი ნაწილი რუსეთში მიემართება. გარდა ამისა, აფხაზები რუსულ რუბლს იყენებენ. თუმცა, ბარათელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 20 წლის განმავლობაში „აშენებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოს და ეკონომიკას, იმის თქმა, რომ აფხაზეთმა დიდ წარმატებას მიაღწია, არ შეიძლება“. როგორც ბესლან ბარათელია აღნიშნავს, 90-ანი წლები აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებისთვის წარუმატებელი წლები იყო. მისი თქმით, სიტუაცია 2008 წლის შემდეგ შეიცვალა.
„აფხაზეთმა კოლოსალური დახმარება მიიღო რუსეთისგან. აშენებულია დიდი რაოდენობით ინფრასტრუქტურული ობიექტი. თუმცა, მილიარდებიანი დახმარების მიუხედავად, ეფექტური ეკონომიკა ვერ ავაშენეთ“, – განაცხადა ბარათელიამ. „უფრო მეტიც, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2011 წლიდან 2013 წლამდე, როდესაც რუსეთის დახმარების პიკი იყო, აფხაზეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 6 %-ით შემცირდა. პენსიები 10 წელია არ გაზრდილა და 500 რუბლს შეადგენს. ფასები კი ორჯერ გაიზარდა. ხელფასებიც უკვე 5 წელია არ გაზრდილა. აქედან გამომდინარე, რუსეთის დახმარების გამოყენების ხასიათი უნდა შევცვალოთ. საჭიროა არა მარტო ფულის ჩადება ეკონომიკაში, არამედ საინვესტიციო პროექტების შესწავლა ეკონომიკური ეფექტურობის, ასევე სოციალური მნიშვნელობის თვალსაზრისით. აფხაზეთს ტრანზიტული პოტენციალი გააჩნია, ეს გზა ჩრდილოეთ კავკასიიდან აფხაზეთის გავლით ზღვისკენ გადის. ეს მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდის საშუალებას მოგვცემს, ასევე აფხაზეთში მოსახლეობის დასაქმება გაიზრდება“, – ფიქრობს ბარათელია. მან ასევე ის სირთულეები გაიხსენა, რაც რუსეთის პასპორტების მიღებასთან იყო დაკავშირებული, როდესაც აფხაზეთის მცხოვრებლები წლინახევრის განმავლობაში რიგში იდგნენ. „გარდა ამისა, აფხაზეთისთვის ძალიან საინტერესოა საბაჟო კავშირში მონაწილეობა. თუმცა რადგან ბელორუსიის და ყაზახეთის მიერ აფხაზეთი არ არის აღიარებული, ეს საკითხი შეჩერებულია“, – თქვა ბარათელიამ. გამოსვლის ბოლოს კი ბარათელიამ იმედი გამოთქვა, რომ ეს და სხვა საკითხები ახალ რუსულ-აფხაზურ შეთანხმებაში მეგობრობის და დახმარების შესახებ აისახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები