სიღნაღის ხელოვნების ფესტივალი დასრულდა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აქტიური მხარდაჭერითა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, ქალაქ სიღნაღში ხელოვნების ფესტივალი გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის ხელოვნების ფესტივალის მიზანია მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი გარემოს შექმნა, სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობა. ფესტივალის მიმდინარეობისას მხატვრებსა და მოქანდაკეებს ჰქონდათ ყველა პირობა საკონკურსო ნამუშევრების შესაქმნელად. გაიმართა ფოტოკონკურსიც.
ხელოვნების ფესტივალი დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა.
კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომელსაც ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე. ფესტივალის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები.
ფესტივალის პროგრამაში იყო შემოქმედებითი კონკურსი, სამუშაო შეხვედრები, გამოფენები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები.
ფესტივალის მომზადებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კურატორმა ნანა შერვაშიძემ და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორმა მარიამ ინანაშვილმა.
ინფორმაციისთვის: სიღნაღის ხელოვნების ფესტივალი 2022 წელს საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, მხარდაჭერით და გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის, ინიციატივით დაფუძნდა. ფესტივალი წელს მეორედ ჩატარდა.