ალავერდის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით ალავერდის სამონასტრო კომპლექსში გრძელდება სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრა.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების მიერ შედგენილი კვლევითი პროექტის მიხედვით მიმდინარეობს კარიბჭე-სამრეკლოს სარესტავრაციო სამუშაოები. ამავე დროს გრძელდება ანტისეისმური სარტყლის მონტაჟი.
არმირებული სარტყლის დასრულების შემდეგ დაიწყება ბეტონით გამაგრების სამუშაოები, ხის კონსტრუქცია კი დამუშავდება ანტისეპტიკური ხსნარით. ამის შემდეგ მოიხსნება დაზიანებული თუნუქის სახურავი და მოეწყობა ახალი საბურველი.
დასრულდა წმ. გიორგის ტაძრის დასავლეთ მინაშენზე ჰიდროსაიზოლაციო ფენილის დაგება და უახლოეს მომავალში მასზე კრამიტის ახალი საბურველი მოეწყობა. საკათედრო ტაძრის გუმბათზე სპეციალისტთა უშუალო ზედამხედველობით გრძელდება საფრის აზომვითი-საფიქსაციო სამუშაოები.
ინფორმაციისთვის: 25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით სასწრაფოდ დაიწყო და გრძელდება ტაძრის ირგვლივ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ სრულფასოვნად მუშაობა.
ალავერდში გაიგზავნა 4 500 კვ. მ ხარაჩოს მასალა.
ინფორმაციისთვის: 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად ალავერდში ჩავიდა და შექმნილ მდგომარეობას გაეცნო.
მიმდინარე წლის 7 ივლისს სტიქიის შედეგად დაზიანებულ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ ვითარებას გაეცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მთავრობის მეთაურს სამონასტრო კომპლექსში შექმნილი მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.