სპორტის სამინისტრომ საცხენოსნო კლუბების დათვალიერება-აღწერა დაიწყო
კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით საცხენოსნო კლუბების დათვალიერება და მათი საჭიროებების აღწერა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სპორტის მინისტრმა პირადად მოინახულა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი, მამა იაკობის მიერ დაფუძნებული საცხენოსნო კლუბი „ხარება“.
სპორტის მინისტრმა საქართველოს ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ვადაჭკორიასთან ერთად დაათვალიერა კლუბის საჯინიბო და ეთნოგრაფიულ-კულტურული ნიმუშების გამოფენა; მიიღო ინფორმაცია კლუბის ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესახებ. მინისტრი გაეცნო კლუბის მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მანეჟის მოწყობას, რათა სპორტსმენებსა და ცხენებს ნებისმიერ სეზონზე ჰქონდეთ სრულფასოვნად ვარჯიშის შესაძლებლობა.
კლუბის დამფუძნებელმა, მამა იაკობმა, გამოთქვა სურვილი, შეიქმნას რეგიონული მასშტაბის საცხენოსნო სკოლა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამეგრელოში ქართული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენა-შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში და ასევე ხელს შეუწყობს ოლიმპიური სპორტის სახეობის განვითარებას. ცხენოსნობის რეგიონულმა ცენტრმა უნდა შეიძინოს როგორც სწავლების, ისე შეჯიბრებების გამართვის ფუნქცია.
საცხენოსნო კლუბი ,,ხარება” 10 წლის წინ მამა იაკობის (ეხვაია) ინიციატივით დაფუძნდა და ამ დროისათვის 20 ცხენი ჰყავს. კლუბი მიზნად ისახავს ცხენოსნობის აღორძინებასა და განვითარებას, ქართული საცხენოსნო კულტურის შენარჩუნებას. დღემდე კლუბის სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალ შეჯიბრებაში – როგორც კლასიკურ, ასევე ხალხურ სახეობებში და ჰყავთ გამარჯვებულებიც.
ერთ-ერთი ბოლო დოღი, რომელშიც კლუბმა მონაწილეობა მიიღო და გამარჯვების მოპოვება შეძლო, ბახმაროს ტრადიციული დოღია, რომელშიც სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები მონაწილეობდნენ. თეა წულუკიანმა კლუბისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუზიარა მოსაზრება, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცედურა, რომ მიიღონ სამინისტროს მხარდაჭერა და შესაბამისი ხელშეწყობა აღუთქვა პროფესიული, სამოყვარულო და ტრადიციული ქართული ცხენოსნობის განვითარებაში.