საქართველოს ეროვნული მუზეუმის აქტიური მხარდაჭერით სიღნაღში ხელოვნების ფესტივალი მიმდინარეობს
სიღნაღში მეორედ იმართება ხელოვნების ფესტივალი, რომელიც 19 აგვისტოს გაიხსნა და 24 აგვისტოს საზეიმოდ დაიხურება. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის ხელოვნების ფესტივალის მიზანია მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი გარემოს შექმნა, სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობა. ხუთი დღის განმავლობაში მხატვრებსა და მოქანდაკეებს ექნებათ ყველა პირობა საკონკურსო ნამუშევრების შესაქმნელად.ფესტივალის პროგრამაშია შემოქმედებითი კონკურსი, სამუშაო შეხვედრები, გამოფენები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები.
2024 წლის საფესტივალო პროგრამაშია ფერწერა (აკრილი) და მცირე ქანდაკება (ხე).
„ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალ მხატვრებსა და სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.
სახვითი ხელოვნების კონკურსში მონაწილეთათვის გამოიყო სტიპენდია 1 000 ლარის ოდენობით.
კონკურსის მონაწილეთაგან მოკლე სიას შეადგენს და გამარჯვებულს გამოავლენს პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური.
ინფორმაციისთვის: ფესტივალი პირველად 2022 წელს ჩატარდა და ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოიფინა მონაწილე მხატვრებისა და მოქანდაკეების ნამუშევრები, რომელთა ნახვა ყველა მსურველს შეეძლო. ჟიურის გადაწყვეტილებით, მონაწილეთათვის განკუთვნილი ფულადი ჯილდო ყველას თანაბრად გაუნაწილდა.
ფესტივალის მიმდინარეობისას ჩატარდა ფოტოკონკურსიც, რომელშიც მოყვარულმა ფოტოგრაფებმა მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალი საქართველოს ეროვნული მუზეუმის აქტიური მხარდაჭერითა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.