“ვინც კი იცნობდა ან ერთხელ მაინც თუ მოუსმენია მღვდელ თეიმურაზ ქორიძისათვის, არასოდეს დაივიწყებს მას” – ილია მეორე

“ვინც კი იცნობდა ან ერთხელ მაინც თუ მოუსმენია მღვდელ თეიმურაზ ქორიძისათვის, არასოდეს დაივიწყებს მას – სიყვარულის დიდი ნიჭით დაჯილდოებულ, პოეტური სულის, გონიერ, სათნო, მართლაც გამორჩეულ მოძღვარს, თავმდაბალ და ღირსეულ პიროვნებას, ერთგულ მეუღლესა და მამას, დედისა და ძმის სიხარულს, მრავალთა იმედს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

“დიდად ვწუხვართ და, პირველ ყოვლისა, ვუსამძიმრებთ ოჯახს და საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიას.

მან სრულიად ახალგაზრდამ აირჩია უფლის გზა და სამსახურებლად თბილისის მკვიდრი, რაიონში, სოფელ დიდ ჩაილურში, წავიდა. ესეც მისი პიროვნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია.

ახლა კი იგი, უფლის ნებით, იწყებს იმ ცხოვრებას, რისთვისაც მთელი შეგნებით იღვწოდა ამქვეყნად.

ვლოცავთ მის უკვდავ სულს უფლის სავანესა შინა დამკვიდრების იმედით და შევთხოვთ მაცხოვარსა ჩვენსა იესო ქრისტეს, ნუგეში და სულიერი სიმტკიცე მომადლოს მღვდელ თეიმურაზის ოჯახს, სამწყსოსა და საახლობლოს.

მადლიერების ნიშნად კი მისთვის ლოცვა და მის სახელზე კეთილ საქმეთა აღსრულება ჩვენ ყველას გვმართებს”, – წერია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები