ვაშინგტონი კიევისგან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის მიზნების შესახებ მეტი ინფორმაციის გაზიარებას ითხოვს

შეერთებული შტატები კიევისგან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის მიზნების შესახებ მეტი ინფორმაციის გაზიარებას ითხოვს, – ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ამერიკის თავდაცვის უწყების პრესსპიკერის, პეტ რაიდერის თქმით, პენტაგონი კვლავაც დაეხმარება უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში, თუმცა შორი მოქმედების იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ამერიკის პოზიცია არ შეცვლილა.

“მოვისმინეთ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება ბუფერული ზონის შექმნასთან დაკავშირებით, ასე რომ უკრაინასთან ვსაუბრობთ, რათა მათი მიზნების შესახებ უფრო მეტი გავიგოთ. რაც შეეხება კურსკში მათ ოპერაციას, უკრაინელებმა რუსები აიძულეს თავი დაეცვათ. ამ ოპერაციისას ვნახეთ კრეატიულობა და საბრძოლო უნარების დემონსტრირება. მაგრამ როდესაც საქმე უკრაინელების გრძელვადიან მიზნებამდე მიდის, ჩვენ მათთან ამას ჯერ კიდევ განვიხილავთ“, – აღნიშნა რაიდერმა.

მისივე თქმით, სექტემბერში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, უკრაინის თავდაცვის ყველაზე გადაუდებელ საჭიროებებზე სასაუბროდ.

“ჩვენ მზად ვართ, დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ ის, რაც სჭირდებათ თავიანთი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად და მომავალი რუსული აგრესიის შესაჩერებლად”, – განაცხადა პრესსპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ კიევის თხოვნის მიუხედავად, ვაშინგტონი უკრაინას რუსეთის სიღრმეში დასავლური შეიარაღების გამოყენების უფლებას არ აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები