ბარაკ ობამა – “ამერიკა მზადაა უკეთესი ისტორიისთვის, ამერიკა მზადაა პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის”
აშშ-ს არ სჭირდება დონალდ ტრამპის კიდევ ოთხი წლით პრეზიდენტობა, არ გვჭირდება კიდევ ოთხი წელი ხმაური, აურზაური და ქაოსი. აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის მეორე დღეს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ამერიკა მზად არის უკეთესი ისტორიისთვის. ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტი კამალა ჰარისისთვის და კამალა ჰარისი მზად არის ამ სამუშაოსთვის,“ – აღნიშნა ობამამ.
მან მკაცრად გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა და მისი მიდგომები.
“ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ოთხი წელი ხმაური, აურზაური და ქაოსი. ჩვენ ეს კინო უკვე ვნახეთ და ყველამ ვიცით, რომ მეორე სერია, როგორც წესი, უარესია ხოლმე. ტრამპი გახლავთ 78 წლის მილიარდერი, რომელიც არ წყვეტს წუწუნს თავის პრობლემებზე. ამერიკა მზადაა, ახალი ფურცლის დასაწერად”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.
ამასთან, ობამამ აღნიშნა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რთული ბრძოლა იქნება. მან მოუწოდა მხარდამჭერებს, იბრძოლონ ისეთი ქვეყნისთვის, რომლისაც სჯერათ.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა და შეაქო ჯო ბაიდენი, რომელმაც პრეზიდენტობის კანდიდატობა კამალა ჰარისს დაუთმო.
“ჩირაღდანი გადაცემულია. ახლა ჩვენი ბრძოლის დროა ისეთი ამერიკისთვის, რომლისაც ყველა ჩვენგანს სჯერა. ეჭვი არ შეგეპაროთ, ეს იქნება ნამდვილი ბრძოლა“, – თქვა ბარაკ ობამამ.
მანამდე, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით ასევე ბარაკ ობამას მეუღლე წარდგა. მიშელ ობამამ ასევე გამოუცხადა მხარდაჭერა კამალა ჰარისს და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.