“ქართული ოცნება“ არის მშვიდობისმყოფელი და სწორხაზოვნად ატარებს პოლიტიკას” – ოდიშარია
„ბუნებრივია, ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, არავის დახვრეტასა და ჩამოხრჩობას არ ვითხოვთ, თუმცა, ამ ხალხმა ქართული სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“ერთ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ და მშვიდობა, დანარჩენი ყველა საარჩევნო ნომერი ომის პარტიის მოკავშირე ან კიდევ იმის გენერატორი იქნება, რათა საქართველო რამენაირად იყოს ჩათრეული იმ პროცესებში, რომელსაც ჯერ კიდევ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და საკუთარი ქვეყანა აარიდა. უკრაინაში რუსეთის აგრესია რაც დაიწყო, საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ მათ რცხვენოდათ, ქართველი ჯარისკაცები რომ არ იღუპებოდნენ ისევე, როგორც უკრაინელი ჯარისკაცები. რცხვენოდათ, რომ ქართველ ქალებსა და ბავშვებს არ უწევდათ ძაძების ჩაცმა. ამ სირცხვილს ერჩიათ, დაბომბილიყო ქართული ქალაქები და დაღუპულიყვნენ ქართველი ჯარისკაცები.
“ქართული ოცნება“ არის მშვიდობისმყოფელი და სწორხაზოვნად ატარებს პოლიტიკას. ხელისუფლება არ აპირებს გადახვევას არც მარცხნივ და არც მარჯვნივ, მეორე მხარესაა ყველა პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც ყველა ინტერესს ემსახურება, გარდა ქართულისა. ვიდრე „ქართულ ოცნებას“ გვაქვს საშუალება, ჩვენი პოლიტიკა იყოს გონივრული, მშვიდობისმყოფელი, ჩვენს ხალხს, ჯარს და მოსახლეობას უნდა ავარიდოთ ჭირისუფლობა და სიკვდილი, ისეთ გაუაზრებელ სამხედრო კამპანიებში, რომელიც საქართველოსთვის არაფრის მომტანია“, – აღნიშნა ოდიშარიამ.