გერმანია უკრაინას კიდევ ოთხი “IRIS-T” ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით წლის ბოლომდე მოამარაგებს
გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე უკრაინისთვის კიდევ ოთხი “IRIS-T” საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას აპირებს,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„კანცლერი [ოლაფ შოლცი] სიტყვას იძლევა, რომ უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება. არავის, განსაკუთრებით რუსეთის პრეზიდენტს, არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენ შევასუსტებთ ჩვენს ვალდებულებებს“, – თქვა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ვოლფგანგ ბიუხნერმა.
ასევე, მისივე თქმით, უკრაინას მიეწოდება 10 საზენიტო იარაღი „გეპარდი“, 16 თვითმავალი “ჰაუბიცა”, 10 საბრძოლო ტანკი „ლეოპარდი“, საბრძოლო დრონი, საარტილერიო და ტანკისთვის განკუთვნილი ჭურვები.
შეგახსენებთ, გასულ კვირას გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობის ამჟამინდელი ბიუჯეტის დაგეგმვა დამატებით თანხებს უკრაინის მხარდასაჭერად არ ითვალისწინებს და გერმანიის თავდაცვის სამინისტროს დამატებითი მოთხოვნები, უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ, აღარ დამტკიცდება.
გერმანიის მთავრობა უკრაინის სამხედრო დახმარების შემცირებას უარყოფს.